საქართველოში ახალი გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაციაზე, მათი კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენაზე პასუხისმგებელი ორგანო - გეოგრაფიული აღნიშვნების ეროვნული კომისია ყალიბდება. ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის (GE/16 ENI EC 0318) ‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ ფარგლებში, რომლის მთავარი პარტნიორია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი.
გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი ეროვნული კომისიის შემადგენლობაში შევლენ საქპატენტისა და დარგობრივი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, საჭიროების შემთხვევაში, მოწვეული ექსპერტები და სხვა პირები.
კომისიის როლი და ფუნქციები დარგში მოწინავე საფრანგეთის კომისიის ანალოგიური იქნება, რომლის პრაქტიკაც ნათლად ასახავს, რომ ამგვარი ფორმატის ფარგლებში სისტემის მონაწილე ყველა რგოლის აქტიური ჩართულობა შესაძლებელია.
ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2021 წლის 20-21 იანვარს საქპატენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ორდღიანი დისტანციური სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს კომისიის ფუნქციები, უფლებამოსილებები, შემადგენლობა და განაცხადებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის (GE/16 ENI EC 0318) ‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ მიზანია საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების სისტემის განვითარების ხელშეწყობა და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემასთან ჰარმონიზება. ამასთან, ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ სფეროში კომპეტენციის გაზრდასა და ცოდნის გაღრმავებას. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს მწარმოებელთა ასოციაციებისა და გაერთიანებების როლის გაზრდას გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებაში.
გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული ადგილის სახელი, გამონაკლის შემთხვევებში, სიმბოლო, რომელიც მიუთითებს გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილზე და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად, რომლის განსაზღვრული თვისებები ან რეპუტაცია ამ გეოგრაფიულ ადგილთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, განპირობებულია აქ არსებული ბუნებრივი პირობებით და ადამიანის ფაქტორით.