საქპატენტის სააპელაციო პალატის კანონმდებლობის სტანდარტიზაცია და კოდიფიკაცია EUIPO-ს დახმარებით განხორციელდება
20 თებერვალი 2021 წ.
საქპატენტის
სააპელაციო პალატის როლის გაძლიერება, შესაბამისად, ძლიერი ინტელექტუალური საკუთრების
სისტემის ჩამოყალიბება, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს
ერთობლივი პროექტის (EUGIPP) კომპონენტია. EUGIPP-ის ფარგლებში, საქპატენტს პალატის
გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობის დახვეწაში,
ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) დაეხმარება. თანამშრომლობის
ფორმატის შეჯერების მიზნით, საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე EUIPO-ს სააპელაციო
საბჭოს პრეზიდენტს თეოფილ მარგელოს შეხვდა.
მხარეთა
გადაწყვეტილებით, EUIPO-ს მიერ განხორციელდება საკითხთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილებისა
და პრაქტიკის გაზიარება, საქპატენტის სააპელაციო პალატის მარეგულირებელი კანონმდებლობის
ანალიზი და EUIPOს სააპელაციო საბჭოს მართვის წესდების გაცნობა შემდეგი რეკომენდაციების
უზრუნველყოფის მიზნით. შეხვედრაზე გამოითქვა ინიციატივა, EUIPO-ს სააპელაციო საბჭოსა
და WIPO-ს საარბიტრაჟო და მედიაციის ცენტრის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩატარდეს სემინარი
დავის ალტერნატიული გადაწყვეტის (ADR) პრაქტიკის შესახებ. აღნიშნული სემინარის ორგანიზების
მიზანია EUIPO-სა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და ADR-ის სარგებლიანობის
შესახებ ცნობიერების ამაღლება უფლებების მფლობელთათვის, რათა მათ მიიღონ სრული სარგებელი
ADR პრაქტიკიდან, ასევე, თავიდან აიცილონ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებული მაღალი
ხარჯები. სემინარის ფარგლებში ქართველი კოლეგები,
საქპატენტის თანამშრომლები და პატენტრწმუნებულები მიიღებენ ინფორმაციას საუკეთესო პრაქტიკისა
და მედიაციის შედეგების შესახებ.
EUGIPP არის ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გაძლიერებას. პროექტი სამწლიანია და ის 2022 წლის ბოლოს დასრულდება. ევროკავშირის მხრიდან პროექტს ახორციელებს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO), მთავარი ბენეფიციარი კი - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტია.
