დარენ ტანგი - ჩვენ საქართველოს მივიჩნევთ ძალიან ძლიერ და სანდო პარტნიორად
01 მარტი 2021 წ.
საქპატენტის თავმჯდომარის მინდია დავითაძისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ახალი გენერალური დირექტორის დარენ ტანგის შეხვედრა გაიმართა WIPO-ს სათავო ოფისში, ჟენევაში. 2021 წელს საქპატენტის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს WIPO-ს ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ჯგუფს (CEBS) და საქპატენტის ხელმძღვანელმა დარენ ტანგს ჯგუფის კოორდინატორი პირადად წარუდგინა.
CEBS-ს ჯგუფი წარმოადგენს WIPO-ს წევრი სახელმწიფოების 7 ჯგუფიდან ერთ-ერთს, სადაც გაერთიანებულია ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ესტონეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, პოლონეთი და სხვა ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები, კოორდინაციის გამარტივებისა და კომიტეტების სხდომებსა თუ სხვადასხვა პლატფორმაზე ჯგუფის პოზიციის ერთობლივად გასაჟღერებლად. 2020 წელს დარგში აქტიური და წარმატებული საქმიანობა და საქპატენტის აქტიური მუშაობა ერთის მხრივ WIPO-ს პლატფორმაზე და მეორეს მხრივ ზოგადად საერთაშორისო მიმართულებებით, გახდა საფუძველი საქართველოსთვის მიენიჭებინათ CEBS ჯგუფის კოორდინატორის სტატუსი. აღნიშნული მისცემს საქართველოს შესაძლებლობას გააჟღეროს 18 ქვეყნის პოზიცია და მოახდინოს ჯგუფში არსებული ქვეყნების პოზიციების კოორდინირება, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაციას WIPO-ს პლატფორმაზე და საქართველოს მეტ ინტეგრირებას ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ფორუმზე.
WIPO-ს გენერალურმა
დირექტორმა დარენ ტანგმა, შეხვედრაზე განაცხადა, რომ: „ბოლო ათწლეულების განმავლობაში
ინტელექტუალურმა საკუთრებამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და საქართველოში, გაიარა გზა
პერიფერიებიდან ცენტრისკენ, რადგან უფრო და უფრო მეტი ქვეყანა უყურებს ინტელექტუალურ
საკუთრებას უკვე არა მხოლოდ სამართლებრივი პერსპექტივიდან, არამედ ხედავენ როგორც სამუშაო
ადგილების კატალიზატორს, ადგილს ინვესტიციების მოსაზიდად, მეწარმეობისა და ეკონომიკის
ზრდისათვის. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს თანამშრომლობა WIPO-სთან უწყვეტად
ძლიერდებოდა და ფართოვდებოდა და ჩვენ საქართველოს მივიჩნევთ ძალიან ძლიერ და სანდო
პარტნიორად და ვაფასებთ ასეთ კონსტრუქციულ მიდგომას, არა მხოლოდ ნორმატიული დღის წესრიგის
კუთხით, არამედ WIPO-ში გამართული მმართველობითი დისკუსიების თვალსაზრისითაც. ზოგადად,
საქართველო აქტიურად უჭერს მხარს, როგორც WIPO-ს, ისე სხვა წევრი სახელმწიფოების საქმიანობას,
რათა საერთაშორისო ინტელექტუალური საკუთრების ეკოსისტემამ ყველას მოუტანოს სარგებელი.
კიდევ ერთხელ მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის
ქვეყნების რეგიონალური კოორდინატორის როლის შესრულებასთან დაკავშირებით უკვე მეორედ
2021 წელს, მას შემდეგ, რაც პირველად შეასრულა ეს საქმიანობა 2017 წელს”.
შეხვედრაზე
ხაზი გაესვა WIPO-სა და საქპატენტის თანამშრომლობის სიძლიერეს და მასშტაბურობას, რაც მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების ყველა სფეროს,
განსაკუთრებით ინტელექტუალური საკუთრების განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხს,
რომელიც ფოკუსირებულია მოსახლეობის ყველა ფენაზე, მათ შორის ბავშვებზე. გამოითქვა მზაობა ინტელექტუალური საკუთრების სწავლების სამაგისტრო
პროგრამის საქართველოში დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ასევე,
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მცირე და საშუალო მეწარმეთა და უნივერსიტეტების შესაძლებლობების
განვითარების საკითხს, რომელიც ორიენტირებულია არა მხოლოდ ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე, არამედ მის
კომერციალიზაციაზე. გარდა ამისა შეხვედრაზე შეფასდა ინტელექტუალური საკუთრების აღსრულების თემა, რაც გულისხმობს მოსამართლეებისა
და სასამართლო კორპუსისათვის ტრენინგ შესაძლებლობებით უზრუნველყოფას და თანამშრომლობას
გეოგრაფიული აღნიშვნების კუთხით.
შეხვედრაზე
განიხილეს WIPO-ს გენერალური დირექტორის საქართველოში სამუშაო ვიზიტის განხორციელების
შესაძლებლობა. დარენ ტანგმა მინდია დავითაძის მიწვევა მიიღო და განაცხადა, რომ მოხარული
იქნება 2022 წელს, პანდემიის დასრულებისა და სიტუაციის დასტაბილურების კვალდაკვალ,
ეწვიოს საქართველოს.
“ჩვენ ვიყენებთ
საქართველოს გამოცდილებას როგორც ნიმუშს WIPO-ს სხვა წევრი სახელმწიფოების შესაძლებლობების
გასაუმჯობესებლად. ასე რომ, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ მინდია დავითაძეს მისი
გაწეული დახმარებისა და WIPO-ს სამუშაო პროგრამის თაობაზე მიღწეულ კონსესუსთან დაკავშირებით.
ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან საქართველოს მუდმივ
წარმომადგენელს, ბატონ მაისურაძეს, ისმო-ს საქმიანობაში მისი მართლაც კონსტრუქციული
ჩართულობისთვის“ - განაცხადა დარენ ტანგმა.
საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტის პოზიციები რეგიონში ევროკავშირის
სტანდარტებთან დაახლოების კუთხით დადებითად ფასდება WIPO-ს მიერ და უწყება მოწადინებულია
პოზიციების არათუ შენარჩუნებით, არამედ გაძლიერებით. მინდია დავითაძემ WIPO-ს გენერალურ
დირექტორს გააცნო მისი ხედვა, ფოკუსირება მოახდინოს მაღალი საფეხურის ინტელექტუალური
საკუთრების სწავლების მოდულებზე, გააფართოვოს და გააძლიეროს დიალოგი ინოვაციური შესაძლებლობების
გაძლიერების მიზნით. დარენ ტანგმა გაიზიარა საქპატენტის თავმჯდომარის ხედვა, WIPO-სთან თანამშრომლობით გაუმჯობესდეს საქართველოს
მაჩვენებელი, რათა გაიზარდოს საქართველოს ინოვაციური შესაძლებლობები გლობალური ინოვაციური
ინდექსის ინსტრუმენტების გამოყენებით.
ინტელექტუალური
საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) არის ჩართული ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის,
მომსახურებების, ინფორმაციისა და თანამშრომლობის
გლობალურ ფორუმში. გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის (UN) თვითდაფინანსებაზე მყოფი სპეციალიზებული სააგენტო, რომლის
მიზანსაც წარმოადგენს საქმიანობა ინტელექტუალური
სფეროში ინოვაციისა და შემოქმედების განვითარებისათვის. WIPO-ს თანამშრომლები,
წევრი სახელმწიფოები და დაინტერესებული მხარეები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო:
შეიქმნას ინტელექტუალური საკუთრების ეფექტური და ხელმისაწვდომი სისტემა, რომელსაც სარგებლობა მოაქვს ყველასათვის.
WIPO აერთიანებს 193 წევრ სახელმწიფოს, მათ შორისაა საქართველო 1994 წლიდან და WIPO-ში საქართველოს წარმომადგენელია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი -საქპატენტი.

