შვეიცარიის კონფედერაციასა და საქართველოს შორის ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების თემაზე მინდია დავითაძე დოქტორ ქეთრინ ჩამარტინს შეხვდა
04 მარტი 2021 წ.
შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით მყოფი საქპატენტის თავმჯდომარე შვეიცარიის კონფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტის გენერალურ დირექტორს შეხვდა. ქალაქ ბერნში გამართული გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და წარმოშობის წყაროს აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხები.
აღნიშნული შეთანხმება ქვეყნებს შორის 2018 წლის 31 მაისს გაფორმდა, ძალაშია 2019 წლიდან და ითვალისწინებს შვეიცარიის კონფედერაციის ტერიტორიაზე ნაცვალგების წესით ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და წარმოშობის წყაროს დაცვას, ასევე, განსაზღვრავს მათ გამოყენებასა და უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებულ პროცედურებს. შეხვედრაზე განსახილველ ერთ-ერთ მთავარ საკითხთა შორის იყო საქართველოში რეგისტრირებული ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების შვეიცარიის კონფედერაციასთან გაცვლის საკითხი.
ასევე, შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური ინსტიტუტის გენერალურ დირექტორთან დოქტორ ქეთრინ ჩამარტინთან განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, გაიზიარეს გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის პროცესსა და ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებული გამოცდილება, გარდა ამისა, სიტყვა შეეხო მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად უწყებების მიერ განხორციელებულ ინიციატივებს და ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში საერთო ინტერესის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს.

