ინტელექტუალური საკუთრების ტრენერთა რიცხვი გაიზარდა
09 მარტი 2021 წ.
საქპატენტის თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს ინტელექტუალური საკუთრების ტრენერის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სპეციალური გადამზადების პროგრამაში - „ტრენერთა ტრენინგი ინტელექტუალური საკუთრების სამართალში “.
საქპატენტის სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარებულ 16 საათიან ტრენინგ კურსთან ერთად, მონაწილეებმა გაიარეს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის 4 თვიანი სპეციალიზებული პროგრამა - „ინტელექტუალური საკუთრება ახალგაზრდებისთვის“, რომლის ფარგლებშიც, დარგისა და განათლების ექსპერტების მიერ ჩატარებულ სემინარებზე, მონაწილეები, მათ შორის, გაეცნენ ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მსოფლიო ტენდენციებს, განათლების პროგრამებსა და მეთოდოლოგიას. პროგრამის დასკვნითი ეტაპი (2 თვე) მოიცავდა პროექტ-გეგმაზე მუშაობას, რაც გულისხმობს სასწავლო აქტივობის სქემის შემუშავებას. აღნიშნული კომპლექსური პროგრამის გავლის შემდეგ, კურსდამთავრებულებს შეუძლიათ კრეატიულობის უნარების სწავლება და ინტელექტუალური საკუთრების ტრენინგის სქემის შემუშავება.
ინტელექტუალური საკუთრების ტრენერის დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცათ ვახტანგ ნოღაიდელს, თამარ ჭიპაშვილს, მერაბ დობორჯგინიძეს, ანა კობახიძეს, მანო გიორგაძეს, ელენე ჩავლეიშვილს, სოფიო მექანარიშვილს, ლექსო საბიაშვილს, თამარ მინჯიას და ელისაბედ შენგელიას.
„ინტელექტუალური საკუთრების სწავლების ხარისხი, ისევე,
როგორც შედეგები, პრინციპულად არის დამოკიდებული დარგის ტრენერების კვალიფიკაციაზე,
რაც განპირობებულია სფეროს სპეციფიკით. ტრენერები საჭიროებენ, როგორც ინტელექტუალური
საკუთრების სწავლების მეთოდოლოგიის ცოდნას, ისე თავად დარგში ცოდნის გაღრმავებას. სწორედ
ამიტომ განავითარა საქპატენტმა ტრენერთა ბაზის
ფორმირებისკენ მიმართული ეს სპეციალური პროექტი“ - განაცხადა ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ.
საქპატენტის ძირითად ფუნქციათა შორის არის ინტელექტუალური
საკუთრების დარგში პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა. ამ ფუნქციის
ჯეროვანი შესრულებისთვის უწყების პრიორიტეტად განსაზღვრულია განათლების სისტემაში ინტელექტუალური
საკუთრების სწავლების ინტეგრირება, შესაბამისად, ინტელექტუალური საკუთრების დარგში
ტრენერთა ბაზის ფორმირება. საქპატენტის გრძელვადიანი მიზანია ინტელექტუალური საკუთრების
სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების იდენტიფიცირება და სპეციალური პლატფორმის ჩამოყალიბება.


