მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
09 მარტი 2021 წ.
საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ახალ გენერალურ დირექტორს, დარენ ტანგს შეხვდა. ჟენევაში, WIPO-ს სათავო ოფისში, გამართული შეხვედრის შედეგების, WIPO-სთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც საქპატენტი ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის, ინფორმაციისა და თანამშრომლობის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის დგამს, „ინტერპრესნიუსს“ საქპატენტის თავმჯდომარე, მინდია დავითაძე ესაუბრა.
- ცოტა ხნის წინ შეხვდით ინტელექტუალური საკუთრების
მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ახალ გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს. რას ემსახურებოდა
აღნიშნული შეხვედრა და თქვენი შეფასებით, რამდენად პროდუქტიული იყო?
- როგორც აღნიშნეთ, WIPO-ს ახალი
გენერალური დირექტორი ჰყავს, დარენ ტანგი. ის 2020 წლის 1 ოქტომბრიდან შეუდგა
უფლებამოსილების შესრულებას. პირველ რიგში, მინდა განსაკუთრებული მადლობა სწორედ
მას გადავუხადო, რამეთუ, ასეთ რთულ პერიოდში გამოხატა ჩვენი შეხვედრის გამართვის
სურვილი. შეხვედრის უმთავრესი მიზანი გახლდათ მისთვის WIPO-ს ცენტრალური ევროპისა
და ბალტიისპირეთის ქვეყნების ჯგუფის (CEBS) კოორდინატორის წარდგენა. მოგეხსენებათ,
WIPO-ში საქართველოს წარმომადგენელია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი –
საქპატენტი და 2021 წლის 1 იანვრიდან უწყებას მიენიჭა სტატუსი, 1 წლის
განმავლობაში უხელმძღვანელოს CEBS-ის ჯგუფს. კოორდინატორის ფუნქცია დაეკისრა ჩვენი
უწყების იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ქეთევან კილაძეს.
შეხვედრის დროს ვისაუბრეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, გავუზიარეთ ერთმანეთს ხედვები ინტელექტუალური საკუთრების სფეროს გაძლიერებისა და განვითარების მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ნამდვილად ნაყოფიერი და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა, ძალიან მკაფიო გზავნილები მივიღეთ საქართველოსა და უწყების აქტიური მხარდაჭერის კუთხით, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს და გაამყარებს ჩვენს პოზიციებს ინტელექტუალური საკუთრების გლობალურ სისტემაში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.
- საქართველოს
WIPO-ს ჯგუფის კოორდინატორის სტატუსის მინიჭება რას ნიშნავს ქვეყნისთვის და უშუალოდ
საქპატენტისთვის?
- ინტელექტუალური საკუთრების
მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN)
სპეციალიზებული უწყება, ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით პოლიტიკის,
მომსახურებების, ინფორმაციისა და თანამშრომლობის გლობალური ფორუმი, რომელიც
საქმიანობს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში და აერთიანებს 193 წევრ
სახელმწიფოს. საქართველოს და WIPO-ს თანამშრომლობა იწყება 1994 წლიდან და დღემდე,
შემიძლია თამამად ვთქვა, საკმაოდ წარმატებულად ხორციელდება.
რაც შეეხება CEBS-ის ჯგუფს, ეს
არის WIPO-ს საქმიანობის კოორდინაციისა და კომიტეტების სხდომების ორგანიზების
მიზნით შექმნილი 7 ჯგუფიდან ერთ-ერთი. კონკრეტულად CEBS-ის ჯგუფში გაერთიანებულია
ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ესტონეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, პოლონეთი და სხვა
ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები, საქართველო 2015 წლიდან შედის
CEBS-ის ჯგუფში, ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2015 წლამდე საქართველო შედიოდა
ცენტრალური აზიის, კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფში (CACEEC).
CEBS ჯგუფის კოორდინატორის სტატუსი
არის შესაძლებლობა ქვეყნისთვის, შეათანხმოს და გააჟღეროს 18 ქვეყნის, მათ შორის
ევროკავშირის ქვეყნების, პოზიცია, რაც თავისთავად ხელს უწყობს ქვეყნის მეტ
ინტეგრირებას ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ფორუმზე, ასევე ახდენს ქვეყნის
პოზიტიური იმიჯის ფორმირებას WIPO-ს პლატფორმაზე. კოორდინატორი აქტიურად იქნება
ჩართული სხვადასხვა თემატურ მოლაპარაკებებში და ჯგუფის სახელით მიიღებს
მონაწილეობას სამართლებრივი აქტების შედგენაში, ასევე, ექნება გარკვეული
პროექტების ინიცირების შესაძლებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს ინტელექტუალური
საკუთრების გარემოს გაუმჯობესებას, როგორც საქართველოში, ასევე ჯგუფში შემავალ
ქვეყნებსა და ზოგადად მთელს მსოფლიოში.
საქართველოსთვის CEBS-ის ჯგუფის
კოორდინატორის სტატუსის მინიჭება 2021 წელს, ერთის მხრივ, WIPO-ს პლატფორმაზე და
მეორეს მხრივ, ზოგადად საერთაშორისო მიმართულებებით, საქპატენტის აქტიური და
წარმატებული საქმიანობის შედეგია. აუცილებლად აღსანიშნავია უწყების წინა წლების
წარმატებული საქმიანობაც, კერძოდ, 2017 წელს საქართველო პირველად იყო აღნიშნული
ჯგუფის კოორდინატორი და რეგიონული ჯგუფის კოორდინატორის სტატუსით საქართველოს მიერ
გაწეულმა საქმიანობამ მაღალი შეფასებები დაიმსახურა, როგორც დელეგაციებისგან,
ასევე სამდივნოსა და ორგანიზაციის გენერალური დირექტორისგან, რამაც WIPO-ს
ფარგლებში საქართველოს დელეგაციის მოღვაწეობა თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანა.
- დარენ ტანგმა განაცხადა, რომ საქართველოს
ძალიან ძლიერ და სანდო პარტნიორად მიიჩნევს, რა ძირითად მიმართულებებს მოიცავს პარტნიორობა
WIPO-სა და საქპატენტს შორის?
-
ჩემთვის, როგორც საქპატენტის თავმჯდომარისთვის, ნამდვილად
საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება უწყების
საქმიანობა, რაც ბუნებრივია, საქპატენტის თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა,
რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით უწყების წარმატებაში, ამასთან, ჩვენი მიზანია,
არათუ შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო გავამყაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები
საერთაშორისო ასპარეზზე.
თავისუფლად
შემიძლია ვთქვა, რომ საქპატენტისა და WIPO-ს თანამშრომლობა მოიცავს ინტელექტუალური
საკუთრების ყველა სფეროსა და მიმართულებას. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა
ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლებისა და განათლების კუთხით
თანამშრომლობას, რომელიც ყველა მიმართულებით აქტიურად ხორციელდება, იქნება ეს
სასკოლო თუ საუნივერსიტეტო განათლება, ისევე, როგორც სხვადასხვა მიზნობრივ
ჯგუფებზე მორგებული სასწავლო და ცნობიერების ამაღლების პროგრამები.
მოგეხსენებათ,
2015 წელს ასევე WIPO-ს დახმარებით, საქპატენტში დაფუძნდა ინტელექტუალური
საკუთრების სასწავლო ცენტრი, რომლის განვითარება და გაძლიერება უწყების ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 2020 წლიდან შემუშავდა სასწავლო ცენტრის პოლიტიკის
დოკუმენტები, განისაზღვრა ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები, შეიქმნა
ცენტრის ახალი კონცეფცია და დამტკიცდა სასწავლო ცენტრის 2 - წლიანი სტრატეგია.
სტრატეგია პასუხობს ინტელექტუალური საკუთრების სფეროს დინამიკური განვითარების
პროცესს, შესაბამისად, დოკუმენტში განსაზღვრულია სასწავლო ცენტრის მთავარი მიზანი
- ინტელექტუალური საკუთრების დარგში პროფესიონალთა რაოდენობის ზრდა.
საქპატენტის
სასწავლო ცენტრი წარმატებით ახორციელებს WIPO-ს ინტელექტუალური საკუთრების სწავლების
აკადემიის მიერ შემუშავებულ და საქპატენტის მიერ ქართულ ენაზე ადაპტირებულ
დისტანციური სწავლების კურსს - „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL
101)”. 2020 წელს კურსის წარმატება შესამჩნევი იყო WIPO-სთვისაც - რეგისტრირებულთა
რაოდენობის, კურსის ხარისხიანად წარმართვისა და გაცემულ სერტიფიკატთა რაოდენობის
მიხედვით, და სწორედ აღნიშნულმა წარმატებამ განაპირობა WIPO-ს მიერ რეგიონალური
შეხვედრის დაგეგმვა, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის ქვეყნებს გავუზიარებთ ჩვენს
საუკეთესო პრაქტიკას. სასიამოვნოა, რომ საქპატენტი საერთაშორისო ასპარეზზე
პოზიციონირებს, როგორც უწყება, რომელსაც შეუძლია უმოკლეს ვადაში, საგანმანათლებლო
აქტივობების მიმართულებით უზრუნველყოს ის ხარისხი, რომელიც საუკეთესო პრაქტიკის
გაზიარების საფუძველი იქნება სხვა წევრი ქვეყნებისთვის.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან მიმდინარეობს WIPO-ს აკადემიისა და საქპატენტის ერთობლივი პროექტი „პროფესიული განვითარების პროგრამა გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ (PDP on GI)”. პროექტის ფარგლებში ხდება სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყებებისა და შესაბამისი სამინისტროების ექსპერტების გადამზადება გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის, გამოყენებისა და კონტროლის კუთხით. აღნიშნულ პროგრამას ასევე დაემატა კიდევ ერთი მიმართულება - „ინოვაციების პოლიტიკა“. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასწავლო ცენტრი ამჟამად WIPO-ს აქტიური მხარდაჭერით მუშაობს დამატებითი სასწავლო კურსების დანერგვის მიმართულებით, მათ შორის დისტანციურ სასწავლო კურსზე, რომელიც მოიცავს სასაქონლო ნიშნებს, დიზაინსა და გეოგრაფიულ აღნიშვნებს (DL 302). ვფიქრობთ, რომ პროცესი მალე დასრულდება და წლის ბოლოსთვის შევძლებთ დაინტერესებული პირებისთვის კურსის შეთავაზებას.
- როგორია
WIPO-სთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები?
- WIPO-სთან მიმდინარე წარმატებული
თანამშრომლობის პარალელურად, ბუნებრივია, მუდმივად ვმუშაობთ სამომავლო
თანამშრომლობის გამყარებასა და გაძლიერებაზე. სამომავლო თანამშრომლობა მოიცავს
არაერთ მიმართულებას, მათ შორის ინოვაციური საქმიანობის წახალისებას, ცნობიერების
ამაღლებისა და ინტელექტუალური საკუთრების განათლების უფრო მეტად ხელმისაწვდომობას
იმისათვის, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ უფლებამფლობელები თუ მცირე და საშუალო
ბიზნესი.
დღეისათვის სხვადასხვა სასწავლო
კურსებს ვთავაზობთ ინტელექტუალური საკუთრებით დაინტერესებულ პირებს, მათ შორის
კარგი კომუნიკაცია გვაქვს სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვლევით
დაწესებულებებთან, რომელთან ერთადაც სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ. ამასთან,
აქტიურად ვმუშაობთ სასწავლო კურსების დანერგვაზე, რომლებიც სხვადასხვა მიზნობრივ
ჯგუფზე იქნება მორგებული, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს არ არის საკმარისი.
სამწუხაროდ, დღემდე არ არსებობს
საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სამართალის სამაგისტრო პროგრამა, რაც
დარგში მაღალი აკადემიური ხარისხის განათლების მიღების მიმართულებით მნიშვნელოვანი
გამოწვევაა. დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, უკვე ვცდილობთ ფოკუსირებას
ინტელექტუალური საკუთრების მაღალი საფეხურის სწავლების მოდულებზე და მზად ვართ
გავაძლიეროთ თანამშრომლობა ინტელექტუალური საკუთრების სწავლების სამაგისტრო
პროგრამის საქართველოში დანერგვის მიმართულებით.
WIPO-სთან თანამშრომლობით
სამაგისტრო პროგრამის დანერგვა იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი დარგის
განვითარების მიმართულებით. ეს არის პრაქტიკა, რასაც WIPO სხვადასხვა ქვეყნებში
ახორციელებს. ამ ეტაპზე მსოფლიოს 9 ქვეყანაში არსებობს ერთობლივი სამაგისტრო
პროგრამები, სადაც ცოდნას იღებენ, როგორც ადგილობრივი, ისე სხვადასხვა ქვეყნის
ინტელექტუალური საკუთრების შესწავლით დაინტერესებული პირები. ბუნებრივია, აღნიშნულთან
დაკავშირებით შეხვედრაზეც ვისაუბრეთ და ბატონმა ტანგმა სრული მხარდაჭერა
აღგვითქვა. ამ მიმართულებით დავიწყებთ მუშაობას და იმედი მაქვს, რომ კომპლექსური
მიდგომით და ერთობლივი ძალისხმევით მიზანსაც აუცილებლად მივაღწევთ. აღსანიშნავია,
ასევე, რომ საავტორო უფლებების სფეროში მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების დაცვის
მიზნით, ასევე ვგეგმავთ მარაკეშის საერთაშორისო შეთანხმებასთან მიერთებას, რომელიც
გულისხმობს უსინათლო, მხედველობადაქვეითებული და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირთათვის გამოქვეყნებულ ნაწარმოებებთან ხელმისაწვდომობის გაადვილებას.
ინტელექტუალური საკუთრება არ
წარმოადგენს ცალკე მდგომ სფეროს. იგი არის გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი
მამოძრავებელი ნაწილი, რომლის განვითარებაზეც არსებითად დამოკიდებულია ქვეყნის
ეკონომიკური მდგომარეობა. სწორედ ამიტომ, საქპატენტი გეგმავს კომპლექსური
მიდგომით, მათ შორის, WIPO-სა და ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო
თანამშრომლობით, ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარების
ხელშეწყობით, უზრუნველყოს ეფექტური პოლიტიკის განხორციელება.
გარდა ზემოხსენებულისა, WIPO-სთან აქტიური თანამშრომლობით, საქპატენტი მომავალში გეგმავს არაერთი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობას, მათ შორის, რეგიონულ კონფერენციას ინტელექტუალური საკუთრების ოფისების როლზე თანამედროვე მსოფლიოში და გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმს.
- ზოგადად,
როგორ შეაფასებთ თქვენ პირველ ოფიციალურ ვიზიტს საქპატენტის თავმჯდომარის რანგში?
- თამამად შეიძლება ითქვას, რომ
ვიზიტი წარმატებული იყო, კონკრეტული შედეგებით დავბრუნდით საქართველოში.
გამოვიყენეთ შესაძლებლობა და შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტის დროს ქალაქ ბერნში
სამუშაო შეხვედრა გავმართეთ შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური
ინსტიტუტის გენერალურ დირექტორთან, დოქტორ ქეთრინ ჩამარტინთან. შეხვედრაზე
განვიხილეთ „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის გეოგრაფიული
აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და წარმოშობის წყაროს აღნიშვნების
ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხები.
აღნიშნული
შეთანხმება ჩვენს შორის გაფორმდა 2018 წლის 31 მაისს, ძალაშია 2019 წლიდან და
ითვალისწინებს შვეიცარიის კონფედერაციის ტერიტორიაზე ნაცვალგების წესით ქართული
გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და წარმოშობის წყაროს
დაცვას, ასევე, განსაზღვრავს მათ გამოყენებასა და უფლებების აღსრულებასთან
დაკავშირებულ პროცედურებს. განვიხილეთ ასევე, საქართველოში რეგისტრირებული ახალი
გეოგრაფიული აღნიშვნების შვეიცარიის კონფედერაციასთან დამატებით გაცვლის საკითხი.
2018 წლის შემდეგ რამდენიმე გეოგრაფიული აღნიშვნა შეემატა ჩვენს სახელწიფო რეესტრს
და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გეოგრაფიული აღნიშვნებიც სათანადოდ იყოს დაცული
შვეიცარიის კონფედერაციაში. შევთანხმდით, რომ მოსამზადებელ სამუშაოებს ამოვწურავთ
წლის ბოლოსთვის, რის შემდეგაც დავიწყებთ შესაბამისი პროცედურის განხორციელებას.
ცხადია, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, ერთმანეთს
გავუზიარეთ გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის პროცესსა და ინსტიტუციურ
მოწყობასთან დაკავშირებული გამოცდილება.


