ხელვაჩაურის მანდარინი, ქედას ჩხავერი, ხულოს კარტოფილი და ჩაქვის ჩაი პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების ჩამონათვალშია
18 მარტი 2021 წ.
აჭარის რეგიონში გეოგრაფიული აღნიშვნებით ნიშანდებული პროდუქტების განსაზღვრის მიზნით, საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს გიორგი სურმანიძეს შეხვდა. საქპატენტის ინიციატივაა, აჭარული ჩლეჩილისა და მაჭახელას თაფლის შემდეგ, გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს დაემატოს კიდევ სხვა განსაკუთრებული ხარისხის, თვისებებისა და რეპუტაციის მქონე აჭარული პროდუქტები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარის რეგიონს გააჩნია გეოგრაფიული აღნიშვნების ფორმირებისთვის დიდი რესურსი, გეოგრაფიული აღნიშვნები კი ხელს უწყობს ადგილობრივი პროდუქციის ხარისხის ამაღლებასა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. აღნიშნული პოტენციალის რეალიზების მიზნით, საქპატენტი გეგმავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების ინვენტარიზაციას და მათი სამართლებრივი დაცვიდან მიღებული სარგებლის შეფასებას. უწყების მხრიდან შემდეგი ნაბიჯი იქნება პროდუქტის მწარმოებლების დახმარება, რაც გამოიხატება ყველაზე შესაფერისი გეოგრაფიული აღნიშვნებით ნიშანდებული პროდუქტების განსაზღვრაში, მათი სპეციფიკაციების დადგენაში, გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციისთვის განაცხადების შედგენასა და რეგისტრაციაში. საქპატენტმა უკვე ჩაატარა პირველი ეტაპის სამუშაოები და გამოავლინა შემდეგი პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნები: ქობულეთისა და ხელვაჩაურის მანდარინი, ქედას ჩხავერი, ცოლიკაური და პომიდორი, ჩაქვის ჩაი, ხულოს კაიმაღი და კარტოფილი.
გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული ადგილის სახელი, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის აღნიშვნისთვის, რომლის განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები ან რეპუტაცია განპირობებულია ამ წარმოების ადგილისთვის დამახასიათებელი გარემო პირობებითა და ადამიანური ფაქტორით. გარემო პირობებში იგულისხმება ნიადაგისა და წყლის შემადგენლობა, კლიმატი, ლანდშაფტი და სხვა ბუნებრივი მახასიათებლები. ადამიანური ფაქტორი მოიცავს ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციულ ცოდნასა და გამოცდილებას.

