ისმო-ს ინტელექტუალური საკუთრების დისტანციური სწავლების ზოგადი კურსი (DL-101) ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომი გახდება
17 მარტი 2017 წ.
15-17 მარტს, საქპატენტისა და ისმო-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერებისათვის ჩატარდა ტრენინგი - ,,ისმო-ს აკადემიის ინტელექტუალური საკუთრების დისტანციური სწავლების ზოგადი კურსის - DL-101 გადამუშავებისა და სწავლების შესახებ“.
ტრენინგი მიზნად ისახავდა ქართველი ტრენერებისთვის DL-101 კურსის გადამუშავების და სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობას. კერძოდ, ისმო-ს მოწვეულმა ექსპერტმა, მონაწილეებთან განიხილა ქართული კანონმდებლობისა და პრაქტიკის თავისებურებების გათვალისწინებით კურსის მიზნების განსაზღვრისა და თემატიკის დამუშავების ასპექტები. ქართველ ტრენერებს ასევე ჩაუტარდათ ტრენინგი DL-101 კურსის სწავლებაზე და წარმატებული შეფასების მიღების შემთხვევაში მათ გადაეცემათ ისმო-ს აკადემიის აკრედიტებული ტრენერის სერტიფიკატები, რაც მათ, საქართველოში, ისმო-ს აკადემიის პლატფორმაზე აღნიშნული კურსის სწავლების უფლებას მიანიჭებს.
ისმო-ს აკადემიის ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის -DL-101 ქართული ვარიანტის შემუშავების შემდეგ, აღნიშნული კურსი განთავსდება ისმო-ს აკადემიის პლატფორმაზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება უსასყიდლოდ გაიაროს დისტანციური კურსი ქართულ ენაზე.
აღნიშნულ კურსს, საპილოტედ, ისმოს-თან კიდევ ერთი პროექტის - ,,IP4Kids” (ინტელექტუალური საკუთრება ბავშვებისთვის) ფარგლებში სკოლის მასწავლებლები გაივლიან. პროექტი ითვალისწინებს მასწავლებლების გადამზადებას ინტელექტუალურ საკუთრებაში, რათა მათ შემდგომში ისმო-ს მიერ შემუშავებული ინტელექტუალური საკუთრების პროგრამა და მასალები გამოიყენონ სკოლებში სწავლების მიზნით.
მომავალში, აღნიშნული პროექტის ანალოგიურად, ასევე იგეგმება ისმო-ს აკადემიის სპეციალიზებური დისტანციური კურსების ქართული ვერსიების შემუშავება ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტებზე (სასაქონლო ნიშნების, საავტორო უფლებების, გამოგონებების და სხვ.).

