პატენტის მიღების პროცედურებს ათასწლეულის ინოვაციების 2021 წლის კონკურსანტები გაეცნენ
29 აპრილი 2021 წ.
სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ათასწლეულის ინოვაციების 2021 წლის კონკურსის ნახევარფინალში გადასული გუნდების წევრები არიან, ვებინარი „ინტელექტუალური საკუთრება - იდეიდან ინოვაციამდე“ ჩატარდა.
საქპატენტის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე კონკურსის მონაწილეებს მიაწოდეს ზოგადი ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების, გამოგონების, პატენტის და მათი გამოყენების შესახებ, ასევე ყურადღება გამახვილდა საქპატენტის საქმიანობასა და პატენტის მიღების პროცედურებზე . 90 წუთიან ვებინარს ესწრებოდა ნახევარფინალში გასული 30 გუნდის ხელმძღვანელი, ასევე ათასწლეულის ფონდის მენეჯმენტი და კონკურსის შემფასებელი კომისიის წევრები. აღსანიშნავია, რომ საქპატენტის წარმომადგენელი კონკურსის შემფასებელ კომისიაში ჟიურის წევრის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება და საქპატენტი ყოველთვის აქტიურადაა ჩართული აღნიშნული კონკურსის მუშაობაში. ღონისძება აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას. კონკურსში დღეისათვის 2,000-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ეროვნული კონკურსი გამოავლენს სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარ სამ გამარჯვებულ გუნდს, რომელიც წარმოადგენს მათ მიერ შექმნილ პროექტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური (STEM) დარგების ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: კოსმოსი და ავიაცია, რობოტექნიკა, მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და კვება.


