„კალიანდრე“ - გორის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ სელექციით მიღებული ვაშლის ახალი ჯიში
05 მაისი 2021 წ.
ვაშლის ახალი ჯიშის, „კალიანდრეს“, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის იმიტირებული განხილვა მოეწყო და დაცვისუნარიანობაზე მსჯელობა გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. გორის #8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალური საკუთრების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა კრეატიულად გამოხატეს და თავისი ნამუშევრები საჯაროდ გამოფინეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ერთ-ერთი კომპონენტის - „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება საქართველოს სკოლებში" განხორციელებაში.
ღონისძებაზე მოსწავლეებმა საქპატენტის სასწავლო ცენტრის ინტელეატუალური საკუთრების ტრენერებსა და EUGIPP-ში ჩართულ ექსპერტებს წარუდგინეს „კალიანდრესთან“ დაკავშირებული ბიზნეს პროექტი, სადაც ასახეს ვაშლის ახალი სელექციის პროტოტიპი, სახელწოდება, ლოგო, პროდუქტის მახასიათებლები და მოვლა-პატრონობის ინსტრუქცია, ამასთანავე, მათ განსაზღვრეს, პროდუქტის ფასი, საპრომოციო კამპანია ვიდეორგოლის სცენარისა და მესიჯების ჩათვლით.
ღონისძებას წინ უძღვოდა საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტრენერების მიერ შერჩეული საჯარო სკოლის მასწავლებლების ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მეთოდოლოგიაში გადამზადება, ასევე, გადამზადების ფარგლებში გეგმის თანახმად შემუშავებული კრეატიულობისა და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ გაკვეთილების ჩატარება. აღსანიშნავია, რომ საერთო ძალისხმევით მოსწავლეებმა შეიძინეს ცოდნა და შეძლეს სელექციით მიღებული ვაშლის ახალი ჯიშის პროტოტიპისა და ბიზნეს გეგმის კრიტიკული აუდიტორიის წინაშე წარდგენა. დასკვნითი ღონისძიების შედეგებით გამოვლინდა პროექტის „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება საქართველოს სკოლებში“ მიზნების ქმედითობა - სასწავლო მასალების გამოყენებით მოსწავლეების კრეატიული აზროვნების განვითარება, შემოქმედებითობის, როგორც ფინანსური თუ მორალური სიკეთის მოპოვების წყაროს გააზრება და, ასევე, ინტელექტუალური შრომის, როგორც საკუთრების და ზოგადად დარგის მნიშვნელობის გაანალიზება.
ინტელექტუალური საკუთრების საბაზისო განათლების სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობისკენ მიმართული ღონისძიება ინტელექტუალური საკუთრების სწავლების საპილოტე ვერსიაა, რომლის წარმართვაში ჩართულნი იყვნენ საქართველოს თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლების მესვეურები. საპილოტე ვერსია შემუშავდა EUGIPP-ის მთავარი ბენეფიციარის, საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) მიერ. EIGIPP-ის სამწლიანი პროექტი, რომელიც საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გაძლიერებას ემსახურება, 2022 წლის ბოლოს დასრულდება.


