საქპატენტი და იუსტიციის უმაღლესი სკოლა ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ
21 მაისი 2021 წ.
ინტელექტუალური საკუთრების
დარგის მიმართულებით სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძემ და
იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ვანო ბოლქვაძემ
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც „მართლმსაჯულების სახლში“ გაიმართა.
„ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია დარგის პროფესიონალთა, მათ შორის მოსამართლეთა ინსტიტუტის გაძლიერება, ვინაიდან სასამართლო სისტემა ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია, რომელიც ხელს უწყობს დარგის წარმატებულ ინტეგრირებას გლობალურ სისტემაში“ - აღნიშნა საუბრისას საქპატენტის თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ.
თანამშრომლობის ფარგლებში, მოქმედ მოსამართლეთა პროფესიული ზრდის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო ღონისძიებების სისტემურად დანერგვა,
სადაც გათვალისწინებული იქნება ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასწავლო
პროგრამებისა და ტრენინგ - კურსების შემუშავება.
შეხვედრაზე ვანო ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს საქპატენტის ინიციატივას
და დაეხმარება უწყებას მნიშვნელოვანი სასწავლო პროექტების განხორციელებაში. ამ
ფაქტორების გათვალისწინებით, საქპატენტი აქტიურად ჩაერთვება მოსამართლეების
კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში და
სასწავლო ცენტრის პროგრამების ფარგლებში მათთვის განახორციელებს
საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო აქტივობებს.
ასევე, ყურადღება გამახვილდა, WIPO-ს აკადემიის
პროგრამაზე - „მოსამართლეების ტრენინგი ინტელექტუალური საკუთრების სამართალში“. WIPO-სთან მჭიდრო
თანამშრომლობის ფარგლებში საქპატენტი, იუსტიციის უმაღლესი
სკოლის ჩართულობით, გეგმავს
აღნიშნული კურსის ქართულ ენაზე დანერგვას.
აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში
საქპატენტისა და
იუსტიციის უმაღლესი
სკოლის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა, ერთიანი
პროექტების განხორციელება და ამ
პროექტებში მოსამართლეების ჩართულობა, მნიშვნელოვნად გაზრდის მოსამართლეთა ცნობიერებას, გააღრმავებს ცოდნას ინტელექტუალური საკუთრების კუთხით
და ხელს
შეუწყობს ქვეყანაში
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ეფექტიან
აღსრულებას.


