საქართველო ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონული ჯგუფის (CEBS) სახელით ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე წარსდგა
28 მაისი 2021 წ.
2021 წლის 17 მაისს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის - სასაქონლო ნიშნების, დიზაინებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით 44-ე სხდომა გაიხსნა, სადაც CEBS-ის ჯგუფის სახელით, საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი, ქეთევან კილაძე წარსდგა.
შეხვედრისას, ქეთევან კილაძემ დიზაინების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და სასაქონლო ნიშნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და მომავალი საქმიანობისა და კომიტეტის წინაშე არსებული ამოცანების გადაჭრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
კომიტეტის მუშაობის მიზანი სასაქონლო ნიშნებთან, დიზაინებთან და გეოგრაფიულ აღნიშვნებთან მიმართებით, ისეთი მექანიზმების შემუშავებაა, რომლებიც მათ მეტად ეფექტიან დაცვას უზრუნველყოფს. ამ მიზნის მისაღწევად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისმო-ს წევრ სახელმწიფოთა პოზიციების დაახლოება და მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმების მიღწევა.
აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქვეყნების სახელწოდებების და ეროვნული მნიშვნელობის გეოგრაფიული სახელების დაცვისა და მათი ინტერნეტ-დომენებად რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. განსახილველ საკითხებს შორისაა, ასევე, გრაფიკული გამოსახულებების (Graphical User Interface) და სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე წარდგენილი დიზაინების დაცვის საკითხები.
საქართველო აღნიშნული კომიტეტის მუშობაში მონაწილეობს, როგორც ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების რეგიონალური ჯგუფის (CEBS) 2021 წლის კოორდინატორი. კომიტეტმა მუშაობა 2021 წლის 19 მაისს დაასრულა.

