გეოგრაფიული აღნიშვნების კონტროლის განხორციელება და კომპეტენტური უწყებების როლი
08 ივნისი 2021 წ.
გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო კონტროლი, ავტორიზაცია და სერტიფიცრება - აღნიშნული საკითხები საქპატენტისა და ევროკავშირის ორგანიზებით ჩატარებულ ტრენინგზე განიხილეს. ღონისძიება ტვინინგის (TWINNING) პროექტის ფარგლებში „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და კონტროლის სისტემის ეფექტური დანერგვა“ ჩატარდა.
ტრენინგზე ყურადღება კონკრეტული უწყებებისა და მაკონტროლებელი ორგანოების როლის, ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ გამახვილდა. მონაწილეებმა გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება და ცოდნა გაიზიარეს. ასევე გაეცნენ ისეთ მექანიზმებს, რომლებიც გააძლიერებს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემას და ხელს შეუწყობს ამ სფეროში კომპეტენციის გაზრდასა და ცოდნის გაღრმავებას.
ღონისძიების მონაწილეებმა, საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია, რაც მათ სამომავლოდ რეგულაციების შესრულებასა და იმპლემენტაციაში დაეხმარება.
ტრენინგში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ასოციაციების, რეგისტრირებული და პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების მწარმოებელთა გაერთიანებებისა და ასოციაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე მომხსენებლებად წარდგნენ პროექტის იტალიელი და ფრანგი ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეებს გააცნეს იტალიისა და საფრანგეთის გამოცდილება სერტიფიცირებისა და კონტროლის მიმართულებით.
ტვინინგის (TWINNING) პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების სისტემის განვითარების ხელშეწყობას და ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებას. პროექტის მთავარი პარტნიორია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი.

