გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP) წელს განახლებული ფორმატით ტარდება
21 ივნისი 2021 წ.
ინტელეტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის პროფესიული განვითარების პროგრამის ( PDP) სასწავლო კურსი „გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“ დღეს გაიხსნა. 2 ივლისის ჩათვლით, დისტანციურ რეჟიმში, ინტელექტუალური საკუთრების დარგის მიმართულებით დასაქმებული საჯარო უწყებების წარმომადგენლები აღიჭურვებიან გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის პრაქტიკული ცოდნითა და უნარებით. ღონისძიება ხორციელდება საქპატენტის სასწავლო ცენტრისა და WIPO-ს აკადემიის ორგანიზებითა და ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის პარტნიორობით.
WIPO-სთან თანამშრომლობით დანერგილი მაღალი სტანდარტის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც უძღვებიან საქპატენტის სასწავლო ცენტრის სერტიფიცირებული ტრენერები და მოწვეული ექსპერტები, მონაწილეები შეისწავლიან გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის მექანიზმებს, გეოგრაფიული აღნიშვნების განსხვავებულ სისტემებს და მიიღებენ ინფორმაციას ინტელექტუალური საკუთრების ამ ობიექტის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების შესახებ. ასევე, მსმენელები პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნობიან აღრევამდე მსგავს გეოგრაფიულ აღნიშვნებსა და სასაქონლო ნიშნებს და წარმატებული გეოგრაფიული აღნიშვნების მაგალითებს. 2021 წელს PDP განახლებული ფორმატით მიმდინარეობს. სწავლება სამ ეტაპს მოიცავს. სასწავლო კურსის მონაწილეებმა პირველ ეტაპზე უკვე გაიარეს სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის შესახებ დისტანციური სწავლების კურსი ( -- DL302). მეორე ეტაპზე, რომელიც დღეს დაიწყო, კურსის მსვლელობისას განიხილება გეოგრაფიულ აღნიშვნებთან და ადგილწარმოშობის დასახელებებთან დაკავშირებული საკითხები. სწავლების მესამე ეტაპი მოიცავს კურსის მსმენელებისთვის საინტერესო საკითხების იდენტიფიცირებას და WIPO-ს კოორდინატორებთან ერთად თეზისის შემუშავებას.
WIPO-ს აკადემიის პროფესიული განვითარების პროგრამის სასწავლო კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების სფეროსა და მისი ობიექტების შესახებ მიზნობრივი აუდიტორიის ცნობიერების ამაღლებას და ქვეყანაში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებას. პროგრამის დასრულებისთანავე, პირებს, რომლებიც გაივლიან სასწავლო კურსს, გადაეცემათ შესაბამისი პროგრამის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფაზების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები.
