სემინარი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების შესახებ
02 ივლისი 2021 წ.
ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, საქპატენტისა და EUGIPP პროექტის გუნდის ორგანიზებით, ჩატარდა სემინარი - “დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები“.
სემინარზე მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სააპელაციო საბჭოს პრეზიდენტმა, ჟოაო ნეგრაომ და პირველი და მეორე საბჭოს თავმჯდომარეებმა, გორდონ ჰამფრიმ და სვენ შტურმანმა.
სემინარი ემსახურებოდა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) სტანდარტებთან დაახლოებას. EUIPO-ს სააპელაციო საბჭოს გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქპატენტის თანამშრომლებმა, პატენტრწმუნებულებმა, მედიატორთა ასოციაციის და საარბიტრაჟო ცენტრების წარმომადგენლებმა გაიზიარეს საკითხთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილება, პრაქტიკა და მედიაციის შედეგები. ასევე, მიიღეს ინფორმაცია მედიაციის სხვადასხვა პრინციპების, ტექნიკისა და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების შესახებ, რაც უფლებების მფლობელებს დაეხმარება დავის სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტაში.
EUGIPP არის ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გაძლიერებას. პროექტი სამწლიანია და 2022 წლის ბოლოს დასრულდება. ევროკავშირის მხრიდან პროექტს ახორციელებს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO), მთავარი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი.

