საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნების ეროვნული კომისიის ჩამოყალიბებაზე აქტიურად მუშაობს
07 ივლისი 2021 წ.
ახალი გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების რეგისტრაციასა და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენაზე პასუხისმგებელი, გეოგრაფიული აღნიშვნების ეროვნული კომისია ყალიბდება. ასეთი ტიპის პირველი, გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ჩამოყალიბება შესაძლებელი გახდა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის (GE/16 ENI EC 0318) ‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ ფარგლებში.
გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებასა და გამართული ფუნქციონირების ხელშემწყობი ორგანოს სამომავლო საქმიანობის მოსამზადებლად, სამუშაო შეხვედრა იმართება დღეს საქპატენტის სათავო ოფისში. ჰიბრიდული ფორმატის ტრენინგს ესწრებიან ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. სწორედ აღნიშნული ორგანიზაციები მოიაზრებიან კომისიის წევრებად. სამუშაო შეხვედრაზე მონაწილე პირები იმსჯელებენ კომისიის როლზე, ფუნქციებზე, უფლებამოსილებებზე, შემადგენლობასა და განაცხადების განხილვასთან დაკავშირებული სხვა საკითხებზე. შეხვედრაზე მონაწილეები საფრანგეთის გამოცდილებასაც გაეცნობიან, კომისიის მიერ განსახორციელებელ თითოეულ კონკრეტულ ქმედებებზე.
მსგავსი კომისიები ფუნქციონირებს ისეთ ქვეყნებში, იქ სადაც გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემა კარგად არის განვითარებული. აღნიშნული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სისტემის მონაწილე ყველა რგოლის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა, ამგვარი კომისიის ფარგლებში არის შესაძლებელი. გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი ეროვნული კომისიის შემადგენლობაში გარდა საქპატენტისა და დარგობრივი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისა საჭიროების შემთხვევაში, მოწვეული იქნებიან ექსპერტები და სხვა პირები.
ორდღიანი ტრენინგის განხორციელება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტის (GE/16 ENI EC 0318) ‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების სისტემის განვითარების ხელშეწყობას და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემასთან ჰარმონიზებას. ასევე, ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ სფეროში კომპეტენციის გაზრდასა და ცოდნის გაღრმავებას. პროექტი, ასევე ითვალისწინებს მწარმოებელთა ასოციაციებისა და გაერთიანებების როლის გაზრდას გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარებაში.

