საქპატენტის მხარდაჭერით ELSA-ს საზაფხულო სკოლა წელს მეექვსედ ტარდება
12 ივლისი 2021 წ.
მსოფლიოს ექვსი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, დღეიდან ოთხი დღის განმავლობაში ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ინტელექტუალური საკუთრების სისტემის შესახებ.
ვებინარი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრისა და ევროპის სამართლის სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებულია. ღონისძიება საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა და ELSA საქართველოს ვიცე-პრეზიდენტმა, ანა ქოიავამ გახსნეს.
სტუდენტებს ცოდნას გაუზიარებენ დარგის ექსპერტები ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვისა თუ უფლებების აღსრულების მექანიზმების შესახებ. ვებინარის თემატიკა მოიცავს, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობის მიმოხილვას. პროგრამაშია სასაქონლო ნიშნები, გეოგრაფიული აღნიშვნები, დიზაინი, გამოგონება, ექსპერტიზის პროცედურები და პრაქტიკული მაგალითების განხილვა. სასწავლო პროგრამას უძღვებიან საქპატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ექსპერტები. ასევე, სტუდენტებს გამოცდილებას გაუზიარებენ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის, პატენტრწმუნებულთა ასოციაციისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები.
ELSA-ს
საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ვებინარს „ინტელექტუალური საკუთრების სამართლის შესახებ“,
რომელიც წელს დისტანციურ რეჟიმში ტარდება, ესწრება ქართველი, უკრაინელი, პოლონელი,
რუმინელი, ბერძენი და აზერბაიჯანელი 25 სტუდენტი. ELSA – იურისტ სტუდენტთა გაერთიანებაა,
რომელიც მოიცავს 44 ევროპულ სახელმწიფოს ეროვნული ჯგუფების დონეზე, 390-მდე ცნობილ
უმაღლეს სასწავლებელს მთელს ევროპაში, 51000-მდე იურისტ სტუდენტსა და ახალგაზრდა იურისტს.
ELSA-ს ეგიდით საზაფხულო სკოლა სამართლის სხვადასხვა დარგში ყოველწლიურად 32 ქვეყანაში
ტარდება, საქართველოში კი რამდენიმე წელია
იმართება საქპატენტის მხარდაჭერით ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით. ღონისძიების
მხარდაჭერა მიზნად ისახავს კონკრეტულად სამართლის ფაკულტეტების სტუდენტებში გაზარდოს
ინტერესი ინტელექტუალური
საკუთრების დარგის მიმართ.

