ნინო ჩიქოვანი – მედიაციის დანერგვა საქპატენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია
20 ივლისი 2021 წ.
მედიატორთა ასოციაციისა და ბიზნესომბუდსმენის ორგანიზებით, ამ წუთებში მიმდინარეობს საერთაშორისო ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“. ღონისძიების მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG). ფორუმი, რომელიც ონლაინფორმატში იმართება, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.
ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი, რომელმაც აღნიშნა, რომ საქპატენტში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის დანერგვის მიმართულებით.
„უფლებამფლობელთათვის მედიაციის მოქნილი მექანიზმის დანერგვა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან ის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მფლობელებს დავის სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტაში დაეხმარება და ასევე საშუალებას მისცემს შეინარჩუნონ კონფიდენციალურობა. ამასთან, დავების მორიგებით დასრულება მნიშვნელოვანია , რადგან მის შემდგომ, მხარეთა შორის არსებული ბიზნეს ურთიერთობა გრძელდება, ვითარდება და მყარდება კიდეც“ – აღნიშნა ნინო ჩიქოვანმა.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ მედიაციის სისტემის დანერგვის მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან. ამასთან, მედიაციის სისტემის დანერგვა ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს მიმდინარე ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ერთ-ერთი კომპონენტია. აღნიშნული მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას, ევროკავშირთან ერთად, საქართველოს უზიარებს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაც (WIPO).
საერთაშორისო ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“ იმართება ყოველწლიურად. მისი მიზანია ყურადღების გამახვილება ბიზნესსექტორში მედიაციის როლსა და მნიშვნელობაზე.

ბოლო სიახლეები
