ტვინინგის პროექტის მმართველმა კომიტეტმა კვარტალური ანგარიში ჩაიბარა
22 ივლისი 2021 წ.
‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა“ ტვინინგის პროექტია, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ოთხ ახალ ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნაზე: ქართული თხილი, ქართული მანდარინი, რაჭული ლორი და გურჯაანის ატამი. მუშაობის მე-9 კვარტალური ანგარიშის განხილვა მმართველი კომიტეტის რიგით მე-8 შეხვედრაზე, დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
პროექტის სამოქმედო გეგმით ასევე განსაზღვრულია ინტერნეტ პლატფორმაზე მომუშავე კომპანიებთან Amazon, Ebay, Alibaba და Rakuten-თან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რაც ხელს შეუწყობს ინტერნეტ სივრცეში ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების პროდუქტების გაყალბების ფაქტებთან ბრძოლას. აღნიშნული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოსთვის და ამ მიმართულებით პროექტის ფარგლებში მუშაობა კვლავ მიმდინარეობს.
შეხვედრის მონაწილეები, ასევე, გაეცნენ ინფორმაციას პროექტის ფარგლებში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის პოპულარიზაციისა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შემუშავებული აქტივობების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ვიდეო რგოლების, ტუტორიალებისა და ანიმაციების შექმნას. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დასრულდა გეოგრაფიული აღნიშვნების ახალი ლოგოს შემუშავების პროცესი.
მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოში, პროექტის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქპატენტის წარმომადგენლები, ხელი მოეწერა მე-9 კვარტალურ ანგარიშს და დაისახა სამომავლო გეგმები.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელება 2019 წლის თებერვალში დაიწყო და მისი დასრულება 2021 წლის იანვარში იყო განსაზღვრული. მსოფლიოში გავრცელებული პანდემიისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებით, პროექტი გახანგრძლივდა დამატებით 7 თვის ვადით, რაც დაეხმარება საქართველოს უნიკალური მარკეტინგული ინსტრუმენტის, გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის კიდევ უფრო ჯეროვნად განვითარებასა და მასთან დაკავშირებული სარგებლის სრულფასოვნად გამოყენებაში.
პროექტის მთავარი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, რომელსაც ეძლევა საშუალება ევროკავშირის დახმარებით, წამყვანი ქვეყნების გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით, ასევე, მწარმოებელთა ასოციაციებისა და გაერთიანებების როლის გაზრდით შექმნას გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის ძლიერი და ქმედითი სისტემა.

