ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტი - ‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა“ დღეს საზეიმოდ დაიხურა. პროექტის მთავარი ბენეფიციარი საქპატენტი იყო, რომელსაც საშუალება მიეცა, დარგში წამყვანი ქვეყნების გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით, შეექმნა ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც გააძლიერებს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის სისტემას, ხელს შეუწყობს აღნიშნულ სფეროში კომპეტენციის გაზრდასა და ცოდნის გაღრმავებას.
ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს წარედგინათ ორი წლის განმავლობაში დარგის ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიში. პროექტის ფარგლებში შეფასდა საქართველოში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების კანონმდებლობა და მისი შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ასევე, შეფასდა და დადგინდა ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების მწარმოებლებისა და ასოციაციების რესურსები, მათი საჭიროებები, სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები და აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენცია, რის შედეგადაც გამოვლინდა კონკრეტული საჭიროებები.
გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ექსპერტების მიერ მომზადებული რეკომენდაციების თანახმად, შემუშავდა ,,საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი. ცვლილებები ითვალისწინებს ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების განსაზღვრას, საქონლის სპეციფიკაციის ძირითადი ელემენტების დადგენას, ექსპერტიზის ჩატარების პროცედურების დაზუსტებას, მწარმოებელთა გაერთიანებების როლის განსაზღვრას, დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გათვალისწინებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. კანონპროექტზე დაყრდნობით შემუშავდა კანონქვემდებარე აქტები, გაიდლაინები/სახელმძღვანელოები.
საჯარო უწყებებისა და მწარმოებელთა გაერთიანებებისა და ასოციაციების საჭიროებებზე დაყრდნობით, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ჩატარდა ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, სერტიფიცირების სიმულაციები და სხვადასახვა აქტივობები. ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობით გამოვლინდა პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნები ,,ქართული თხილი’’, ,რაჭული ლორი“, ,,გურჯაანის ატამი“, ,,აჭარული/ქართული მანდარინი’’, ასევე, მათი რეგისტრაციის მიზნით მომზადდა აღნიშნული პროდუქტების სპეციფიკაციები.
მომზადდა პროექტი დარგში მოწინავე იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საფრანგეთის ადგილწარმოშობის და ხარისხის ეროვნულ ინსტიტუტთან (INAO) არსებული ანალოგიური როლისა და ფუნქციების ორგანოს - გეოგრაფიული აღნიშვნების ეროვნული კომისიის ჩამოყალიბების შესახებ. კომისიამ უნდა უზრუნველყოს რეგისტრაციის პროცედურის ე.წ. ორსაფეხურიანი სისტემის გამოყენება, კერძოდ, ექსპერტიზის პროცესში კომისიის ჩართვა და გეოგრაფიული აღნიშვნით ნიშანდებული ობიექტის სრულფასოვანი კვლევა.
გეოგრაფიული აღნიშვნებით ნიშანდებული პროდუქტების ციფრულ სივრცეში კონტრაფაქციის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, ექსპერტებმა შეისწავლეს კონტროლისა და მასზე უფლებების აღსრულების მექანიზმები და შეიმუშავეს გეგმა, რომელიც მოიცავს ინტერნეტ პლატფორმებთან Amazon-თან, Ebay-სთან, Alibaba-სთან და Rakuten-თან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების გაფორმებას.
განსაკუთრებული ხარისხის მქონე პროდუქტის იდენტიფიცირებისთვის მომხმარებელთა მხრიდან შემუშავდა გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დასახელებების ლოგოები. ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დამზადდა სოციალური ვიდეო რგოლები, რეგისტრაციის, სერტიფიცირების, კონტროლის შესახებ ტუტორიალები და შეიქმნა გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ სპეციალური პლატფორმა - გეოგრაფიული აღნიშვნების ვებგვერდი.
ზემოაღნიშნული პროექტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სექტორული მხარდაჭერის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელმაც სტარტი 2019 წლის 7 ნოემბერს აიღო და ევროკავშირის მიერ 1.5 მილიონი ევროთი დაფინანსდა. პროექტის განხორციელება დაეკისრა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოცემულ სფეროში მოქმედ ეროვნულ სამსახურებს: იტალიის სოფლის მეურნეობის, სურსათის, სატყეო მეურნეობის სამინისტროს და საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს. საქართველოს მხრიდან პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინისა და სურსათის ეროვნული სააგენტოები, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, საგამოძიებო დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, ასევე კვლევითი ცენტრები, ლაბორატორიები და მწარმოებლები.
გეოგრაფიული აღნიშვნა ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც ემსახურება ბუნებრივ პირობებთან და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ადგილობრივი უნიკალური პროდუქციის ცნობადობის ზრდასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემისა და ზოგადად ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მისი დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში.