ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტის მმართველი კომიტეტის წევრებმა მუშაობის მე-10 და მე-11 კვარტალური ანგარიში განიხილეს დისტანციურ რეჟიმში. რიგით მე-9 შეხვედრით დასრულდა ‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“ პროექტი, რომელსაც მთავარი ბენეფიციარი - საქპატენტი ევროკავშირის დახმარებით 2019 წლიდან ახორციელებს.
ბოლო თვეების განმავლობაში, პროექტის სამოქმედო გეგმის თანახმად, შემუშავდა მემორანდუმების სამუშაო ვერსიები საქპატენტსა და ინტერნეტ პლატფორმებს Amazon-ს, Ebay-ს, Alibaba-სა და Rakuten-ს შორის, რომლებიც გეოგრაფიული აღნიშვნების პროდუქტების ციფრულ სივრცეში გაყალბების ფაქტების აღმოფხვრის მიზანს ემსახურება. ასევე, ურთიერთანამშრომლობის დაწყების მიზნით შემუშავდა მემორანდუმის სამუშაო ვერსია საქპატენტსა და იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის, ასევე, საფრანგეთის ადგილწარმოშობისა და ხარისხის ეროვნულ ინსტიტუტთან (INAO), რომელიც უწყებას დაეხმარება ინსტიტუტთან არსებული ანალოგიური როლისა და ფუნქციების ორგანოს - გეოგრაფიული აღნიშვნების ეროვნული კომისიის ჩამოყალიბების პროცესში.
შეხვედრაზე მონაწილეებს წარედგინათ პროექტის ფარგლებში შექმნილი საკომუნიკაციო მასალა - გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების ლოგო, ვიდეო რგოლი, ტუტორიალები და ვებგვერდი. ასევე, საჯარო უწყებებისა და მწარმოებელთა გაერთიანებების თუ ასოციაციების საჭიროებებზე დაყრდნობით, კომიტეტის წევრებს წარედგინათ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩატარებული ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების, სერტიფიცირების სიმულაციებისა და სხვადასხვა აქტივობების ანგარიში.
მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტის ხელმძღვანელი პირები და მის განხორციელებაში ჩართული უწყებების წარმომადგენლები, ხელი მოეწერა მე-10 და მე-11 კვარტალურ ანგარიშს და შეფასდა პროექტის შედეგები.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის დასრულება 2021 წლის იანვარში იყო განსაზღვრული, თუმცა მსოფლიოში გავრცელებული პანდემიისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებით, პროექტი გახანგრძლივდა დამატებით 7 თვის ვადით. აღნიშნული დაეხმარება საქართველოს უნიკალური მარკეტინგული ინსტრუმენტის, გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის კიდევ უფრო ჯეროვნად განვითარებასა და მასთან დაკავშირებული სარგებლის სრულფასოვნად გამოყენებაში.