სვანური კოშკი, ქვევრი, ყურძნის მტევანი, ოქროს საწმისი - ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის და ადგილწარმოშობის დასახელების ლოგოს ელემენტებია, რომელიც გეოგრაფიული აღნიშვნითა და ადგილწარმოშობის დასახელებით დაცული პროდუქტების იდენტიფიცირებისთვის შეიქმნა. ლოგოზე იმუშავა სარეკლამო კომპანია abk communication-მა, რომლისთვისაც ინსპირაცია ხევსურეთის სოფელ კისტანის „აბულეთაურთ“ ციხე-კოშკის ჩრდილოეთ სარკმელის ქვედა ქვა გახდა.
პიქტოგრაფიის გამოყენებით ლოგოზე დატანილია მსოფლიოსთვის ცნობილი ქართული სიმბოლოები, რაც ქვეყნის და, შესაბამისად, პროდუქტის წარმოშობის ადგილის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. შეიქმნა ორი, ორენოვანი, ორი ფერის - მწვანე და წითელი, ყველა რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტის შეფუთვაზე განსათავსებელი ლოგოები წარწერებით „ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა“ და „ქართული ადგილწარმოშობის დასახელება“. კომპანიამ შეიმუშავა ლოგოს გამოყენების ინსტრუქციაც.
მწარმოებლების მიერ ლოგოების გამოყენების ვალდებულება და წესი გაწერილია ,,საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში, რომელიც შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twining) პროექტის - ‘’საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა“ ფარგლებში.
ლოგოების შემუშავება გეოგრაფიული აღნიშვნის და ადგილწარმოშობის დასახელების შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების ნაწილია.
გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული ადგილის სახელი, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის მოსანიშნად, რომლის განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები ან რეპუტაცია განპირობებულია ამ წარმოების ადგილისთვის დამახასიათებელი გარემო პირობებით (ნიადაგისა და წყლის შემადგენლობა, კლიმატი, ლანდშაფტი და სხვა ბუნებრივი მახასიათებლები) და ადამიანური ფაქტორით (ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციული ცოდნა და გამოცდილება). გეოგრაფიული აღნიშვნები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნების რეგიონალურ განვითარებაში, რაც განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების ზრდას, ამცირებს სამუშაო ძალის გადინებას და სტიმულს აძლევს ახალი სამუშაო ძალის მოზიდვას, ასევე, ზრდის რეგიონის ცნობადობას და ხელს უწყობს აგრარული ტურიზმის განვითარებას.