საქპატენტი სტაჟირების და დასაქმების ფორუმზე
05 მაისი 2017 წ.
დღეს, 5 მაისს (2017 წ.), ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, სხვა 50 კერძო და საჯარო ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობას იღებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა (MCA-Georgia) და საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU-Georgia)- ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ დასაქმებისა და სტაჟირების ფორუმზე. საქპატენტის წარმომადგენლები სასტუმრო რედისონში ხვდებიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს და მათ საქპატენტში სტაჟირების და დასაქმების შესაძლებლობებს აცნობენ.
სტაჟირების და დასაქმების ფორუმი საქართველოში მე-2 ტარდება, გასულ წელს, სტაჟირების ფორუმზე მონაწილე პირველკურსელ სტუდენტთა 40%-ზე მეტმა გაიარა საზაფხულო სტაჟირება ან დასაქმდა სხვადასხვა კერძო თუ საჯარო დაწესებულებაში, მათ შორის საქპატენტში. სტუდენტებს სტაჟირების საშუალებას წელსაც აძლევს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი.
2015 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველებს, სთავაზობს ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს კომპიუტერულ და ელექტრონულ ინჟინერიაში, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და ქიმია/ბიოქიმიაში. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში პირველივე წელს მიიღო უნიკალური უნარებისა და კვალიფიკაციის მქონე სტუდენტთა ნაკადი. მათ შორის, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ოლიმპიადებში გამარჯვებული ახალგაზრდა გამომგონებლები და ინოვატორები, რომლებიც უკვე არაერთ პროექტს ახორციელებენ.

