საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ საქართველო - აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-8 სხდომაში მიიღო მონაწილეობა
30 სექტემბერი 2021 წ.
საქართველო - აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის რიგით მე-8 სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილეს.
სხდომა საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის, ალი ასადოვის ხელმძღვანელობით გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის წევრები, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ჩიქოვანი.
„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შესახებ" სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან მოხდება ორი ქვეყნის გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების აღიარება და დაცვა.
კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება "საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შესახებ" შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცედურები, რის შემდეგაც ხელი მოეწერება შეთანხმების ოფიციალურ დოკუმენტს.
საქართველო - აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის, რიგით მე-8 სხდომაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, კულტურის, ჰუმანიტარული სფეროების მიმართულებით. ასევე, ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის გაფორმდა მემორანდუმები ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

