საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
01 ოქტომბერი 2021 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ჩიქოვანმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, სანან ტაპდიგოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ბაქოში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ნინო ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვისა და გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთდაცვის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების გაფორმების საკითხი. ასევე, ისაუბრეს ინოვაციებისა და საგამომგონებლო აქტივობების ხელშეწყობისა და სასწავლო პროგრამების შესახებ. ყურადღება გამახვილდა ერთობლივი რეგიონული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.
ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, ნინო ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღო საქართველო - აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში , სადაც აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება "საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შესახებ" შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცედურები, რის შემდეგაც ხელი მოეწერება შეთანხმების ოფიციალურ დოკუმენტს.

