WIPO-ს 62-ე გენერალურმა ასამბლეამ მუშაობა დღეს, 4 ოქტომბერს დაიწყო
04 ოქტომბერი 2021 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ფრუიძე, დღეს, სიტყვით წარსდგა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრი სახელმწიფოების გენერალური ასამბლეის გახსნაზე.
62-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, მანანა ფრუიძემ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის WIPO-ს მადლობა გადაუხადა და მიმდინარე ერთობლივი პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. აღსანიშნავია, რომ საქართველო აქტიურად იღებს მონაწილეობას WIPO-ს მუშაობაში, წელს საქართველო უკვე მეორედ ხელმძღვანელობს ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების (CEBS) რეგიონულ ჯგუფს. ასამბლეის მუშაობა გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობში, რომლის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის ონლაინ ფორმატის შეხვედრები WIPO-ს გენერალურ მდივანთან და სხვა პირებთან, ასევე, სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან.
WIPO არის ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სერვისების, პოლიტიკის, ინფორმაციისა და თანამშრომლობის გლობალური ფორუმი, რომელიც წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თვითდაფინანსებად უწყებას. WIPO-ს მიზანია, შეიქმნას ინტელექტუალური საკუთრების დაბალანსებული და ეფექტური საერთაშორისო სისტემა, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციასა და კრეატიულობას კაცობრიობის საკეთილდღეოდ.
საქართველო WIPO-ს წევრია 1991 წლიდან და ქვეყანას ამ ორგანიზაციაში წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი.
