დარენ ტანგმა საქართველოს პრეზიდენტს WIPO-ს მხრიდან მხარდაჭერის მზადყოფნა აღუთქვა
15 ოქტომბერი 2021 წ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორს, დარენ ტანგს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტისა და WIPO-ს გენერალურ დირექტორის შეხვედრა ამ ორგანიზაციასთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი გამოხატულებაა. შეხვედრაზე მთელ რიგ საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განათლების მიმართულებით კავშირების გაძლიერებას, მათ შორის საუნივერსიტეტო სწავლების თვალსაზრისით.
„ამ ყველაფრით ჩვენ დავეხმარებით ჩვენს ეკონომიკას, ახალგაზრდებს, ქალებს , მცირე და საშუალო ბიზნესს დაიცვან საკუთარი პროდუქტი უკეთესად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს უკეთეს ექსპორტს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„ინტელექტუალური საკუთრება ზოგადად გამოიყენება, არა როგორც უბრალოდ სამართლებრივი საშუალება, არამედ როგორც ძლიერი კატალიზატორი და დასაქმების, ინვესტიციების, ბიზნესის ზრდის, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური აქტივობის ხელშემწყობი. თქვენ ქვეყანა გადაგყავთ ზრდის ახალ ეტაპზე , ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია თქვენს გვერდით დგას“,- განაცხადა დარენ ტანგმა და გამოთქვა WIPO-ს მიერ უწყვეტი მხარდაჭერის მზადყოფნა ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის, მეწარმე ქალებისა და ახალგაზრდებისადმი.
საქართველოს პრეზიდენტმა WIPO-ს გენერალური დირექტორი მოიწვია საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის დაარსებიდან 30 წლის იუბილეზე, რომელიც 2022 წელს აღინიშნება. WIPO-ს წევრი საქართველო 1991 წელს გახდა და ორგანიზაციაში ქვეყანას საქპატენტი წარმოადგენს, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებში. WIPO-ს შეფასებით საქართველო აქტიურად უჭერს მხარს განსაკუთრებით ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო სისტემას (ლისაბონი) და ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თავისი ცნობილი გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვას, ღვინის, ყველისა და მინერალური წყლების ჩათვლით.
WIPO არის ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სერვისების, პოლიტიკის, ინფორმაციისა და თანამშრომლობის გლობალური ფორუმი, რომელიც წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თვითდაფინანსებად უწყებას. WIPO-ს მიზანია, შეიქმნას ინტელექტუალური საკუთრების დაბალანსებული და ეფექტური საერთაშორისო სისტემა, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციასა და კრეატიულობას კაცობრიობის საკეთილდღეოდ.

