CLDP-ის ორგანიზებით გაიმართა ვებინარი „საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციები საქართველოში“
10 ნოემბერი 2021 წ.
ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თანამშრომლობის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრებმა საქპატენტის წარმომადგენლებსა და მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განიხილეს, საქართველოში კოლექტიური მართვის ორგანიზაციების სისტემის გაძლიერებისაკენ მიმართული მნიშვნელოვანი საკითხები. მონაწილეებს წარედგინათ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ექსპერტის, მიჰალი ფიჩორის მიერ ,,საქართველოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში“ არსებული, კოლექტიური მართვის ორგანიზაციებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმების ანალიზი, არსებული მდგომარეობის შეფასება და დასკვნის სახით შემუშავებული რეკომენდაციები. შეხვედრაზე WIPO-ს და ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC) წარმომადგენლებმა მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი ხედვა და გააცნეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
ონლაინ რეჟიმში ჩატარებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრებმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საქპატენტის წარმომადგენლებმა. საქართველოში კოლექტიური მართვის სფეროში არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს კვლევა და სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმირებისათვის რეკომენდაციების გაცემა გააძლიერებს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ მართვას საქართველოში და აღადგენს მომხმარებელთა და უფლების მფლობელთა ნდობას სისტემის მიმართ.
CLDP-ი, რომელიც წარმოადგენს აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების პლატფორმას, კომერციული სამართლის სფეროში ახდენს გარდამავალი ქვეყნების მთავრობებისა და კერძო სექტორის ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფას. ,. საქპატენტთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში, CLDP უკვე მრავალი წელია ეხმარება საქართველოს, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების კუთხით, მათ შორის ახორციელებს მოსამართლეების გადამზადების ყოველწლიურ პროგრამას.

