საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის შეხვედრა გაიმართა
10 დეკემბერი 2021 წ.
საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ფრუიძემ და თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მე-7 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრას საქართველოს და ევროკავშირის მხრიდან თავმჯდომარეობდნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის ევროპისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს განყოფილების უფროსი იგნასიო ირუარიზადა დიეზი.
შეხვედრაზე ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემას ვაჭრობის და მდგრადი განვითარების, ბიზნესის ხელშეწყობისა და საბაჟო რეგულაციების გარდა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, მათ შორის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა წარმოადგენდა. მანანა ფრუიძემ წარადგინა ანგარიში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კუთხით განხორციელებულ მარეგულირებელ და ინსტიტუციურ რეფორმებზე, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის ორმხრივი აღიარების საკითხზე, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების შესაძლებლობებზე. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, განიხილეს გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის მეხუთე შეხვედრის შედეგები.
ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტი ყოველწლიურად იკრიბება. შეხვედრა ორი დღის განმავლობაში, 9-10 დეკემბერს მიმდინარეობდა და მასში DCFTA-ს განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
