თსუ-ს პრაქტიკული სამართლის კლინიკა ინტელექტუალური საკუთრების სამართალში
29 დეკემბერი 2021 წ.
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები ინტელექტუალური საკუთრების დარგში სპეციალურ მომზადებას გადიან საქპატენტისა და თსუ-ს თანამშრომლობის ფარგლებში. ტრენინგის მიზანია, სტუდენტებს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი განუვითარდეს.
თსუ-ს პრაქტიკული სამართლის კლინიკის და საქპატენტის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული, 2 დღიანი ტრენინგის განმავლობაში, სტუდენტები შეიმუშავებენ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ გაკვეთილის ჩატარების სქემას. ასევე, საქპატენტის სასწავლო ცენტრი მათ უზრუნველყოფს სასწავლო მასალით. სქემისა და მასალის საფუძველზე, სტუდენტები მზად იქნებიან ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარონ გაკვეთილი.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია, სტუდენტების ინტელექტუალური საკუთრების დარგით დაინტერესება და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საბაზისო განათლების სისტემაში ინტელექტუალური საკუთრების სწავლების ინტეგრირება. პრაქტიკული სამართლის კლინიკაში ჩართვით, საქპატენტი უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების საკითხების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას პირთა საკმაოდ ფართო წრეზე, სტუდენტებზე და მათი საშუალებით სკოლის მოსწავლეებზე.

