საქართველო-დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფარგლებში, ვაჭრობის საკითხებზე კომიტეტის მუშაობა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებსაც შეეხო
04 მარტი 2022 წ.
„საქართველოს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის“ 2019 წლის 21 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში ვაჭრობის საკითხებზე კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, 24 თებერვალს გამართულ კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა ფრუიძემ.
შეხვედრაზე მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს „საქართველოს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების სამართლებრივი დაცვის საკითხები. ასევე, დასახეს გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთდაცვის კუთხით, საქართველო-დიდი ბრიტანეთის გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტების საქმიანობის სამომავლო გეგმები.
საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე. დიდი ბრიტანეთის მხრიდან - ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების და საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ნიკ კლემენტი.
ვაჭრობის ფორმატში სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი ზედამხედველობას და მონიტორინგს უწევს შეთანხმებაში ვაჭრობასა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების გამოყენებას და შესრულებას. ამავდროულად, შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე შეისწავლის მის სათანადო ფუნქციონირებასაც. ფორუმი განიხილავს შეთანხმების ფარგლებში წარმოქმნილ მნიშვნელოვან თემებს და საერთო ინტერესთა სფეროში შემავალ ორმხრივ თუ მრავალმხრივ საკითხებს.

