საქპატენტის სასწავლო ცენტრი უმაღლეს სასწავლებლებთან აქტიურ საგანმანათლებლო თანამშრომლობას აგრძელებს
09 მარტი 2022 წ.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის - სეუ და საქპატენტის სასწავლო ცენტრის აქტიური საგანმანათლებლო თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა საჯარო ლექცია „ინტელექტუალური საკუთრების შესახებ“, სადაც სეუ-ს ბიზნესისა და სამართლის სტუდენტებმა, უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა მიიღეს ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებისა და დარგში მოქმედი კანონმდებლობის შესახებ.
სეუ-ს ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრას უძღვებოდნენ საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერაბ კუცია და საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზანის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი კასრაძე, რომლებმაც ლექციის მსვლელობისას ისაუბრეს ინტელექტუალური საკუთრების დარგის მნიშვნელობაზე, უფლებებიდან გამომდინარე სარგებლისა და საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ. საქპატენტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს თავისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილების მაგალითები, რაც დაეხმარება ამ დარგით დაინტერესებულ სტუდენტებს უკეთ შეიმეცნონ ინტელექტუალური საკუთრების საფუძვლები და სფეროში მიმდინარე პროცესები.
ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმათლებლო დაწესებულებებთან კავშირი საქპატენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ლექციებისა თუ სხვა შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება ხელს უწყობს სტუდენტების ინტელექტუალური საკუთრების დარგით დაინტერესებას და ამ მიმართულებით მათ პროფესიულ განვითარებას, ასევე აკადემიური პერსონალის კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის გაძლიერებას.

