ონლაინ კონტრაფაქციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვირტუალური
მრგვალი მაგიდა შედგა სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) ანტიკონტრაფაქციული
კომიტეტის ინიციატივითა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის
თანაორგანიზატორობით. სასაქონლო ნიშნების მფლობელთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისკენ
მიმართული ტრადიციული ღონისძიება, სფეროს პროფესიონალებს შორის სასაქონლო ნიშნების
თემაზე აქტუალური ინფორმაციის გაზიარებას უწყობს ხელს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა
დაცვის და კეთილსინდისიერი კომერციული საქმიანობის პრინციპების დანერგვას.
ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის შესახებ დისკუსია
გახსნეს საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ჩიქოვანმა და INTA-ს კონტრაფაქციასთან
ბრძოლის უფროსმა მრჩეველმა, ვალენტინა სალმოირაგიმ. INTA-ს საერთაშორისო ექსპერტებმა,
საქპატენტის თანამშრომლებმა, საჯარო და კერძო სექტორის, მათ შორის საქართველოს ანტიმეკობრული
ცენტრის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ონლაინ ვაჭრობის პლატფორმების წარმომადგენლებმა
განიხილეს ონლაინ კონტრაფაქციული საქონლით ვაჭრობის პრაქტიკული პრობლემები და მათ წინააღმდეგ
ბრძოლის მექანიზმები. საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა
იმსჯელეს ონლაინ კონტრაფაქციის დაძლევის გზებზე და ონლაინ პლატფორმებისა და სასაქონლო
ნიშნის მფლობელთა შორის ეფექტური თანამშრომლობის ასპექტებზე. კერძოდ, განიხილეს „ალიექსპრესი“-ს
გამოცდილება პლატფორმაზე კონტრაფაქციული საქონლის გამოვლენის მათ მიერ აპრობირებული
მეთოდები და კონტრაფაქციული საქონლის შესახებ ინფორმაციის მიღებისას განხორციელებული
ქმედებები, ასევე, მოდის ინდუსტრიაში ცნობილი ბრენდის FENDI-ის მფლობელი კომპანიის
ონლაინ კონტრაფაქციის დაძლევის მეთოდები.
სასაქონლო ნიშნების მფლობელთა გლობალური კავშირი
INTA აერთიანებს 185 ქვეყნის 6500 ორგანიზაციას და სასაქონლო ნიშნების სფეროში მომუშავე 34 350 პროფესიონალს.
კავშირის საქმიანობა მიმართულია ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარების ხელშეწყობისკენ,
კერძოდ, სასაქონლო ნიშნების მიმართულებით. INTA-ში გაწევრიანებულია, როგორც სასაქონლო
ნიშნების მფლობელი კორპორაციები, ისე საშუალო და მცირე მეწარმეები, იურიდიული ფირმები
და არასამთავრობო ორგანიზაციები. წევრებს შორის არიან სახელმწიფო უწყებები და სამეცნიერო
წრეების წარმომადგენლები.