თუ იცით, რა მიზნით დავობს ხოლმე სასაქონლო ნიშნის მფლობელი ერთი კომპანია მეორესთან, როდესაც თვლის რომ სასაქონლო ნიშნები ერთმანეთის მსგავსია?
18 მარტი 2022 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან - საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში დასრულდა დავა, რომელიც მიმდინარეობდა „მაკდონალდ'ზ ინტერნეშენელ პროპერტი კომპანის“ მიერ შემოტანილი საჩივრის საფუძველზე. McDonald's-ი ეწინააღმდეგებოდა სასაქონლო ნიშნების -„მაკროლის“ და ”MacRoll“-ის რეგისტრაციას.
აპელანტის განმარტებით, აღნიშნული სასაქონლო ნიშნები იყო კომპანიის სახელზე რეგისტრირებული, კარგი რეპუტაციის მქონე სასაქონლო ნიშნების მსგავსი, რომელთა გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად შეუქმნიდა ხელსაყრელ პირობებს და დააზიანებდა აპელანტის სასაქონლო ნიშნების რეპუტაციას. აპელანტმა კომპანიამ, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, მოითხოვა სასაქონლო ნიშნებზე - „მაკროლი“ და ”MacRoll“ რეგისტრაციის თაობაზე გამოტანილი დადებითი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. სააპელაციო პალატის კოლეგიის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია გაუქმდა.
სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას, კოლეგიამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ სასაქონლო ნიშნებსა და აპელანტის კუთვნილ ნიშნებს შორის არსებული ვიზუალური და ფონეტიკური მსგავსებები, სუსტი და არაგანმასხვავებელუნარიანი სიტყვიერი ელემენტების გათვალისწინებით, გამოიწვევდა ნიშნებს შორის აღრევას. კოლეგიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ „Mcdonald’s“-ის რესტორნების ქსელი საქართველოში 1999 წლიდან დღემდე, 23 წლის განმავლობაში უწყვეტად ახორციელებს თავის საქმიანობას და ყოველწლიურად ფართოვდება, რასაც ადასტურებს მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი ინტერნეტგამოცემების სტატიები, მათ შორის: ინტერნეტგამოცემა „Forbes“-ს „მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების სიის“ (The World's Most Valuable Brands) თანახმად, მაკდონალდსი მეათე ადგილზეა და ბრენდის ღირებულება შეადგენს 46 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს, ხოლო მისი შემოსავალი 100 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.

