სტუ-ს სტუდენტები ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სალექციო კურსს საქპატენტის სასწავლო ცენტრში გადიან
25 მარტი 2022 წ.
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვის მნიშვნელობას და სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობას გაეცნობიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები, რომლებიც დღეიდან საქპატენტში გაივლიან სალექციო კურსს „ინტელექტუალური საკუთრების შესახებ“. საქპატენტის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ აქტივობას, რომელიც ხუთდღიან სალექციო სწავლებას მოიცავს, WIPO-ს აკადემიის მიერ სერტიფიცირებული საქპატენტის ტუტორები უძღვებიან. კურსი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
კურსი საშუალებას მისცემს მომავალ იურისტებს გაიღრმაონ ცოდნა ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით და შეისწავლონ ამ სფეროში მოქმედი ძირითადი პრინციპები. სტუდენტები გაეცნობიან ობიექტებიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დაცვის მექანიზმებს და მათი გადაცემისა და შეზღუდვის ფორმებს. სწავლების პროცესში საქპატენტის მაღალკვალიფიციური ტრენერები გაუზიარებენ მომავალ იურისტებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, რის საფუძველზეც ისინი შეძლებენ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ობიექტების მნიშვნელობის შეფასებასა და მოქმედი კანონმდებლობის გაანალიზებას. მიღებული ცოდნა დაეხმარება მათ ინტელექტუალური საკუთრების სისტემური და ცალკეული ობიექტების ძირითადი მიმართულებებისა და მათი დაცვის ფარგლების თუ დაცვისუნარიანობის კრიტერიუმების განსაზღვრაში.
აღნიშნული კურსი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქპატენტის თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება. საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის საჭიროებაზე მორგებული სასწავლო პროექტების განხორციელება ხელს უწყობს ფართო აუდიტორიის ინტელექტუალური საკუთრების დარგის მიმართ ინტერესის გაღვივებას და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას.
