EUGIPP-ის ფარგლებში HR-ის განვითარების კომპონენტის მიმართულებით მუშაობა გრძელდება
11 აპრილი 2022 წ.
ISO 9001:2015 სერტიფიცირების პროცესის ფარგლებში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თანამშრომლებმა, ადამიანური რესურსების (HR) შეფასებისა და ხელშეწყობის ტრენინგების სერიაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მიზნად ისახავს, უწყების საშემსრულებლო დონის გაძლიერებას, მაღალი სტანდარტებისა და გამართული სისტემის დანერგვას. სერტიფიცირების პროცესი ხორციელდება ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP)“ მხარდაჭერით.
ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე ტრენინგები EUGIPP-ს ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ადამიანური რესურსების განვითარების ფარგლებში ხორციელდება. პროექტის საწყის ეტაპს წარმოადგენდა უწყებაში არსებული ყველა პოზიციისთვის სამუშაო აღწერილობების შემუშავება, სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლების ჩართულობით. შემდგომ ეტაპს წარმოადგენს შეფასების სისტემის შემუშავება, რომელიც ასევე ყველა თანამშრომლის ჩართულობით ხორციელდება. ტრენინგს პროექტში ჩართული HR-ს კონსულტანტი მარიამ კრაწაშვილი უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებთან ერთად განიხილა შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა და შეფასების სისტემაზე უკუკავშირის გაზიარების ტექნიკები.
EUGIPP წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტს, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან მიმდინარეობს და მას ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) ახორციელებს. პროექტის ძირითადი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“. პროექტი სამწლიანია, მისი ბიუჯეტი შეადგენს 1,2 მილიონ ევროს და მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერას საქართველოში.

