კონფერენცია „საქართველო კონტრაფაქციის წინააღმდეგ“ წელს CLDP-ის მხარდაჭერით ჩატარდება
15 აპრილი 2022 წ.
საფრთხე რომელსაც წარმოადგენს ყალბი პროდუქცია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის, იქნება მთავარი თემა რიგით მე-6, საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველო კონტრაფაქციის წინააღმდეგ“, რომელიც ივლისში, ბათუმში პირისპირ რეჟიმში გაიმართება. კონფერენციის ორგანიზებაში საქპატენტს ამერიკის შეერთებული შტატების კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP) ეხმარება. შეხვედრის მიზანია კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის გაღრმავება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და უფლებების აღსრულების მიმართულებით დაინტერესებულ პირებს შორის ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობა.
კონფერენციის საორგანიზაციო საკითხების შესახებ საქპატენტსა და CLDP-ის წარმომადგენლებს შორის დისტანციური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დაკონკრეტდა სადისკუსიო თემები და სპიკერები. სათამაშოების ინდუსტრიაში გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე მოხსენებას გააკეთებენ აშშ-ს სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები. ანალოგიურად, კონფერენციაზე განხილული იქნება ფარმაცევტული პროდუქციის გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლის გზები შესაბამისი ინდუსტრიის წარმომადგენლების მონაწილეობით. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით მონაწილეებს ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ უცხოელი ექსპერტები და დარგის სპეციალისტები.
შეხვედრაზე, საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ჩიქოვანის მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა, წელს კონფერენციაზე ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლების მოწვევისა და პანელურ დისკუსიაში ჩართვის. აღნიშნულ და სხვა ინიციატივების მხარდაჭერაზე CLDP-ის მრჩეველმა და იურისტმა, სკიპ მარკმა სრული მხარდაჭერა გამოხატა.
CLDP შეიქმნა 1992 წელს და წარმოადგენს აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების პლატფორმას, რომელიც კომერციული სამართლის სფეროში ახდენს გარდამავალი ქვეყნების მთავრობებისა და კერძო სექტორის სუბიექტებისათვის ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფას, რითაც ხელს უწყოს მათ ეკონომიკური განვითარებისთვის დასახული მიზნების მიღწევაში. საქპატენტთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში, CLDP მრავალი წელია ეხმარება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების კუთხით.

