ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე საქპატენტმა სტუ-ს სტუდენტებთან ერთად აღნიშნა
27 აპრილი 2022 წ.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით
საქპატენტში გაიმართა ღონისძიება, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ)
სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს და საზეიმო ვითარებაში „ინტელექტუალური
საკუთრების შესახებ“ 20 საათიანი კურსის წარმატებით
გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.
საზეიმო ცერემონიის დაწყებამდე, სტუდენტებს შესაძლებლობა
მიეცათ გასცნობოდნენ საქართველოში ინტელექტუალური
საკუთრების უწყების მუშაობის სპეციფიკას, შეხვედროდნენ
დარგის სპეციალისტებს, პატენტრწმუნებულებს, საქპატენტის პარტნიორი უწყებების წარმომადგენლებს
და საჯარო სექტორის ხელმძღვანელ პირებს, კერძოდ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული
სამეცნიერო ფონდის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მენეჯმენტის
წარმომადგენლებს.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ახალგაზრდებს მიეცეთ
შესაძლებლობა უკეთ გაეცნონ, უკეთესი მომავლის შექმნის გზაზე რა სახით დაეხმარება მათ
თავიანთი მიზნების მიღწევაში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის ინსტრუმენტები, კერძოდ,
სასაქონლო ნიშნები, დიზაინზე უფლებები, საავტორო უფლებები, პატენტები, მცენარეთა ჯიშებზე
უფლებები, გეოგრაფიული აღნიშვნები“ - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას საქპატენტის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ჩიქოვანმა.
ასევე, ღონისძიებაზე სტუდენტებს სიტყვით მიმართეს შოთა
რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ
ერეკლე ასტახიშვილმა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის
მოადგილემ იური სადოევმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ
სამეცნიერო დარგში ზურაბ გასიტაშვილმა, საქართველოს გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა
საზოგადოების თავმჯდომარემ თამაზ შილაკაძემ
და პატენტრწმუნებულთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი თაქთაქიშვილმა.
2022 წელს ინტელექტუალური საკუთრების
საერთაშორისო დღის ფარგლებში აღიარებულია ახალგაზრდა ადამიანების უდიდესი პოტენციალი
ახალი და უკეთესი გადაწყვეტილებების ძიების პროცესში, რაც ხელს უწყობს მდგრადი მომავლისაკენ
გადასვლას. მსოფლიო დღის თემაა „ინტელექტუალური საკუთრება და ახალგაზრდობა: ინოვაცია
უკეთესი მომავლისათვის“ , რომლის ფარგლები მსოფლიოს ყურადღება გამახვილებულია ინოვაციებსა
და შემოქმედებაზე, რომელთა მამოძრავებელი ძალაც არის ახალგაზრდობა. ამ თარიღთანაა დაკავშირებული,
1970 წელს, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენციის
ძალაში შესვლა. აღნიშნულ დღეს, ყველას ეძლევა საშუალება, გააცნობიეროს, თუ რა წვლილი
შეაქვს ინტელექტუალურ საკუთრებას მუსიკის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების
განვითარებაში, რაც ხელს უწყობს თანამედროვე მსოფლიოს ფორმირებას.

