„ინტელექტუალური საკუთრება, როგორც ღირებული კომერციული აქტივი“ - EUIPO-ს აკადემიის პორტალზე ქართულენოვანი ონლაინ კურსი განთავსდა
10 მაისი 2022 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) თანამშრომლობით, EUIPO-ს აკადემიის ელექტრონული სწავლების პორტალზე, პირველად განთავსდა არაევროკავშირის წევრი ქვეყნის ენაზე შემუშავებული ქართულენოვანი კურსი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში შეიქმნა და ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის.
სასწავლო კურსი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებათა პოტენციურ მფლობელებს, მცირე და საშუალო მეწარმეებსა და სტარტაპერებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას გაიგონ მეტი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების მნიშვნელობის შესახებ, შეისწავლონ როდის წარმოიშობა უფლებები, როგორ ხდება მათი რეგისტრაცია, საერთაშორისო დაცვა და როგორ წარიმართება კომერციალიზაციის პროცესი. დღეიდან, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია და მიიღოს ინფორმაცია, თუ როგორ გაზარდოს შემოსავალი არამატერიალური აქტივების ხარჯზე EUIPO-ს აკადემიის ქართულენოვანი ონლაინ კურსის მეშვეობით: https://euipo.europa.eu/knowledge/course/view.php?id=4686
კურსის ქართულენოვანი ვერსია საკმაოდ მრავალფეროვანი და მოსახერხებელია. მისი ხანგრძლივობა 30 წუთია, მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილსა და ტექსტურ დავალებებს. კურსი შედგება 5 ვიდეორგოლისგან ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტის შესახებ, გვაძლევს კითხვებზე პასუხებსა და განმარტებებს, და ამავდროულად მოიცავს საგამოცდო ნაწილს. კურსის მიზანია ხელი შეუწყოს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მიზნობრივი აუდიტორიის ცნობიერების ამაღლებას, IP უფლებების რეგისტრაციისა და კომერციალიზაციის გზით არამატერიალური აქტივების ზრდას, რაც დადებით აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. პირებს, რომლებიც გაივლიან სასწავლო კურსს, საგამოცდო საკითხების 70%-ის წარმატებით გადალახვის შემდგომ გადაეცემათ EUIPO-ს სერტიფიკატები.
ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება ახორციელებს ევროკავშირის სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინების რეგისტრაციას ერთი განაცხადის მეშვეობით, უზიარებს გამოცდილებას და ეხმარება პრაქტიკის ჰარმონიზებაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს და საერთაშორისო პარტნიორებს. მასთან არსებული სასწავლო აკადემიის მიზანია დარგის პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლება და ინტელექტუალური საკუთრების დარგში ინფორმაციის მაქსიმალურად ხელმისაწვდომობა.

