„SPICI“-ის დელეგაციას საქპატენტში უმასპინძლეს
20 მაისი 2022 წ.
საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის და მისი მონაწილე უწყებების გაცნობის მიზნით, საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან ინოვაციების, სამეცნიერო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშემწყობი ციფრული აკადემია „SPICI“-ის დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში, ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტის ტექნოპარკის ბაზაზე მოქმედი, საერთაშორისო აქსელერაციისა და მეწარმეობის ცენტრი „SPICI“ საქპატენტის სათავო ოფისს ეწვია, ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით საქპატენტის მიერ განხორციელებული აქტივობების გასაცნობად.
საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ჩიქოვანმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე პროექტებზე, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან საქართველოში ინოვაციების წახალისების მიზნით, მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA), შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან და უმაღლეს სასწავლებლებთან. SPICI-ის პრეზიდენტმა, ვინჩენცო ლიპარდმა გამოთქვა მზაობა საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის დახვეწისა და წახალისების მიზნით, საქპატენტთან ითანამშრომლოს, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
საქპატენტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილემ, ნეაპოლის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, GITA-ს გუნდის წევრებმა, საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების, ასევე იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა.
საქართველოში SPICE-ის დელეგაციის ვიზიტი განხორციელდა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციის (COTEC) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება და საერთაშორისო გამოცდილების მიღება და გაზიარება. პროექტის მხარდამჭერია თბილისში იტალიის საელჩო.

ბოლო სიახლეები
