საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს
01 ივნისი 2022 წ.
ევროპული საპატენტო განაცხადის წარდგენა და მისი საქართველოში ვალიდაციის მოთხოვნა არის საქართველოში გამოგონებაზე პატენტის მიღების მესამე, უფრო სწრაფი და იაფი გზა, რომლის დანერგვაზე მუშაობს საქპატენტი. საერთაშორისო განმცხადებლების ამ გზით მოზიდვის და საპატენტო დაცვის ევროპული სტანდარტით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის 2019 წელს გაფორმდა ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმება. შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭიროა საქართველოს საპატენტო კანონში ევროპის საპატენტო კონვენციასთან (EPC), საპატენტო კანონის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებასთან (PLT) და ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, საქპატენტმა შესაბამისი ცვლილებებით კანონპროექტი უკვე მოამზადა და საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენისთვის მხარი უკვე დაუჭირა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა. დღეს, 1 ივნისს, კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. პარლამენტის წევრებს პროექტი წარუდგინა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ჩიქოვანი.
“ვალიდაციის სისტემის დანერგვა უცხოელ განმცხადებელს გაუმარტივებს საქართველოში საპატენტო დაცვის მოპოვებას ევროპული სტანდარტით. ეს არის წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა საქართველო მიუერთდეს ევროპის საპატენტო კონვენციას (EPC) და შესაბამისად, გაწევრიანდეს ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში. წარმოდგენილი ცვლილებების კანონპროექტის მიზანია სამრეწველო საკუთრებისა და საპატენტო უფლებების დაცვა ევროკავშირის ქვეყნებში არსებული დაცვის ხარისხის შესაბამისად და ამგვარად ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა” - განაცხადა სხდომაზე ნინო ჩიქოვანმა.
დღესდღეობით, საქართველოში გამოგონებაზე პატენტის მიღება შესაძლებელია, როგორც საქპატენტში განაცხადის პირდაპირი წარდგენით, ასევე საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) შესაბამისად შეტანილი საერთაშორისო განაცხადის გზით. მესამე გზით, ევროპული პატენტის საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდაციის მეშვეობით საპატენტო დაცვის მიღება, საკანონმდებლო პროცესის დასრულების შემდგომ იქნება შესაძლებელი.
EPO წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორციელებელ ორგანიზაციას, რომელიც ატარებს გამოგონებებზე საპატენტო განაცხადების ექსპერტიზას და გასცემს ევროპულ პატენტებს. მისი საქმიანობა ევროპის მასშტაბით მიმართულია ინოვაციის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისაკენ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი, დამოუკიდებელი, თვითდაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო უწყებაა, რომელიც ჩამოყალიბებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. მისი ძირითადი საქმიანობაა: ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების წარმოშობისა და განხორციელების უზრუნველყოფა; საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლობა; ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის განვითარებისა და სრულყოფის ხელშეწყობა, კერძოდ, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.
