შავი ზღვის რეგიონის გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ბათუმში კონფერენცია გაიმართა
06 ივნისი 2022 წ.
გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართულებით არსებული სიტუაცია განიხილეს ბათუმში, 3 ივნისს გამართულ შეკრებაზე. „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის“ (IBDIPC) ორგანიზებით გამართული კონფერენციის თემატიკა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის არსი, მნიშვნელობა, ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტები, მათი რეგისტრაციისა და დაცვის მიმართულებით არსებული სიტუაცია, საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმები და ევროპული გამოცდილება ამ სფეროში.
კონფერენციის მომხსენებელთა შორის იყო საქპატენტის იურიდიული დეპარტამენტის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი კასრაძე, რომელმაც დამსწრეებს გააცნო საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის თავისებურებები. გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის ძირითად ასპექტებზე ისაუბრა, პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების გამოვლენასა და მათი მახასიათებლების დადგენაზე მომუშავე, საქპატენტისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის „OriGin საქართველოს“დირექტორმა დავით გაბუნიამ. კონფერენციაზე განსახილველ თემებს შორის იყო ქართული ღვინის ინდუსტრიაში ადგილწარმოშობის დასახელებების არსებული მდგომარეობა და გამოწვევები და აჭარის რეგიონში გეოგრაფიული აღნიშვნების ირგვლივ არსებული სიტუაცია და პოტენციალი.
ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო გამოცდილებასაც. ევროპულ გამოცდილებაზე, კერძოდ საფრანგეთის, კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო ექსპერტი ჟან-ლუი ბუერი. გარდა ამისა, მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს ექსპერტებმა თურქეთიდან და რუმინეთიდან. ასევე, კონფერენციაზე პრეზენტაციები წარადგინეს გეოგრაფიული აღნიშვნების ადგილობრივმა მწარმოებლებმა და თურქ და რუმინელ კოლეგებთან ერთად ღონისძიების 100-მდე მონაწილისთვის გამართეს გეოგრაფიულ აღნიშვნით დაცული პროდუქტების დეგუსტაცია, კონფერენციის ფარგლებში მოწყობილ გამოფენაზე.
კონფერენცია ჩატარდა საერთაშორისო პროექტის „შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“ (BS GIN – BSB 1191)“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია „აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA)“ (თურქეთი), ორგანიზაცია „TERNOPOL“ (რუმინეთი) და „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი“ - IBDIPC (საქართველო). პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

