ბოლნისის ადგილობრივი მეწარმეებისთვის გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ტრენინგი მიმდინარეობს
07 ივნისი 2022 წ.
თამარისის საადრეო მარწყვი, კაჩაგანის საადრეო ატამი და ბალი, მარნეულის
საადრეო კარტოფილი და პომიდორი, წალკის საგვიანო კარტოფილი, დმანისის ხორბალი და წიწაკა
იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც
ქვემო ქართლის რეგიონში პოტენციურ გეოგრაფიულ აღნიშვნებად იქნა იდენტიფიცირებული.
აღნიშნულის გათვალისწინებით „ბოლნისის აგროცენტრის“ თანამშრომლებისთვის და ადგილობრივი მეწარმეებისთვის
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ორგანიზებით,
ბოლნისში, გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ ტრენინგი
მიმდინარეობს.
ტრენინგის მიზანია აგროცენტრის წარმომადგენლებისა და ადგილობრივი მწარმოებლების
ცნობიერების ამაღლება გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის შესახებ. საქპატენტის სასწავლო
ცენტრის ტრენერი, სოფიო ებრალიძე, მონაწილეებს უზიარებს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის
მექანიზმებს და რეგისტრაციის პროცედურას, ასევე, განიხილავს საქონლის სპეციფიკაციას
და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის თავისებურებებს. ტრენინგის ფარგლებში წარმოდგენილი
სავარჯიშოები და მაგალითები ადგილობრივ მეწარმეებს დაეხმარებათ მოახდინონ პოტენციური
გეოგრაფიული აღნიშვნების იდენტიფიცირება იმ პროდუქტთა შორის, რომლებსაც ისინი აწარმოებენ,
ისევე, როგორც მოახდინონ თავიანთი საქმიანობის კომერციალიზაცია გეოგრაფიული აღნიშვნების
გამოყენების გზით.
გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული ადგილის სახელი, რომელიც გამოიყენება ისეთი საქონლის მოსანიშნად, რომლის განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები ან რეპუტაცია განპირობებულია ამ წარმოების ადგილისთვის დამახასიათებელი გარემო პირობებით და ადამიანური ფაქტორით, რაც მოიცავს ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციული ცოდნას და გამოცდილებას. გეოგრაფიული აღნიშვნები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნების რეგიონულ განვითარებაში, რაც განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების ზრდას, ამცირებს სამუშაო ძალის გადინებას და სტიმულს აძლევს ახალი სამუშაო ძალის მოზიდვას, ასევე, ზრდის რეგიონის ცნობადობას და ხელს უწყობს აგრარული ტურიზმის განვითარებას.
