პირველი ქართველი ევროპის პატენტრწმუნებული
13 ივლისი 2022 წ.
საქპატენტის გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერაბ კუცია პირველი ქართველია, რომელმაც ჩააბარა ევროპის საკვალიფიკაციო გამოცდა (EQE) და მიენიჭა ევროპის პატენტრწმუნებულის წოდება.
ევროპის პატენტრწმუნებული უფლებამოსილია განახორციელოს განმცხადებლების და პატენტმფლობელების წარმომადგენლობა ევროპის საპატენტო უწყებაში (EPO).
ევროპის საკვალიფიკაციო გამოცდა (EQE) დაინერგა 1979 წელს და მისი მიზანია დაადგინოს კანდიდატის ცოდნა და კვალიფიკაცია განმცხადებლების წარმომადგენლობისთვის ევროპის საპატენტო უწყებაში (EPO).
ევროპის საკვალიფიკაციო გამოცდა (EQE) მიიჩნევა ერთ-ერთ ურთულეს პროფესიულ საკვალიფიკაციო გამოცდად, როგორც გონებრივი ასევე ფიზიკური თვალსაზრისით.
კანდიდატებს მოეთხოვებათ ცოდნა ევროპის საპატენტო კანონმდებლობის, ევროპის საპატენტო კონვენციის (EPC), საპატენტო კოოპერაციის შესახებ შეთანხმების (PCT), სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის, EPO-ს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებების და კონკრეტული ეროვნული კანონმდებლობის შესახებ, რაც დაკავშირებულია ევროპის საპატენტო განაცხადთან და ევროპულ პატენტთან.
EQE გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ/საინჟინრო მიმართულებით და სამწლიანი პრაქტიკა ევროპის საპატენტო ორგანიზაციის წევრ ერთ-ერთ ქვეყანაში ევროპის პატენტრწმუნებულის ხელმძღვანელობით. აღნიშნული განათლება მერაბ კუციამ მიიღო თსუ-ში (ბაკალავრის ხარისხი) და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში (მაგისტრის და დოქტორის ხარისხი) ფიზიკის მიმართულებით, ხოლო შესაბამისი პრაქტიკა გაიარა მიუნხენის პატენტრწმუნებულების კომპანიებში.
EPO წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორციელებელ ორგანიზაციას, რომელიც ატარებს გამოგონებებზე საპატენტო განაცხადების ექსპერტიზას და გასცემს ევროპულ პატენტებს. მისი საქმიანობა ევროპის მასშტაბით მიმართულია ინოვაციის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისაკენ.

