ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება პროექტის ერთ-ერთი კომპონენტის „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შედარებითი ანალიზი“ ექსპერტი კენეტ რაიტი. ვიზიტის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სფეროში ჩართული სახელმწიფო უწყებების სამუშაო სპეციფიკის ადგილზე გაცნობა და ქართველი კოლეგებისთვის ევროპული გამოცდილების გაზიარება. 12 ივლისს, ვიზიტის ფარგლებში, საქპატენტის სათავო ოფისში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ექსპერტსა და საქპატენტის ხელმძღვანელ პირებს შორის.
მხარეებმა შეხვედრის მსვლელობისას შეაფასეს პროექტის მიმდინარეობა, განსაზღვრეს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების პრიორიტეტული მიმართულებები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ჩიქოვანმა, ხაზი გაუსვა პროექტის ნაყოფიერ მიმდინარეობას და აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება არამარტო ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებისთვის იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, არამედ გააძლიერებს ქვეყნის ევროპული კურსისკენ სვლას.
„საქართველოში გამართული შეხვედრების და დღევანდელი, ფრიად პოზიტიური დისკუსიის შემდეგ, მინდა აღვნიშნო რომ საქართველო ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მიმართულებით სწრაფად მიიწევს წინ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რაშიც საქპატენტისა და სხვა სახელმწიფო და პარტნიორი უწყებების წვლილი არის უმნიშვნელოვანესი“- აღნიშნა კენეტ რაიტმა.
ევროპელ ექსპერტს ვიზიტის ფარგლებში ხვდებიან საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებაში ჩართული უწყებების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის, საბაჟო დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს გენერალური პროკურატურის და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.
EUGIPP წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტს, რომელიც 2020 წლის პირველი იანვრიდან მიმდინარეობს და მას ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) ახორციელებს. პროექტის ძირითადი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“. პროექტი სამწლიანია, მისი ბიუჯეტი შეადგენს 1,42 მილიონ ევროს.