ELSA 2022-ის საზაფხულო სკოლის სტუდენტებს საქპატენტში გამართულ მიღებაზე სერტიფიკატები გადაეცათ
15 ივლისი 2022 წ.
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) საერთაშორისო საზაფხულო სამართლის სკოლა თემაზე - „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“ - საქართველოში წელს მეშვიდედ ჩატარდა, რომელშიც ევროპის ათი ქვეყნის, წამყვანი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის 14-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. დღეს, 15 ივლისს, ELSA 2022-ის მონაწილეებს საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად, საქპატენტში უმასპინძლეს. სტუდენტებს სამართლის სკოლის დასრულება საქპატენტის სასწავლო ცენტრის უფროსმა ანა დალაქიშვილმა მიულოცა და საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატები გადასცა.
ხუთდღიანი სალექციო კურსის განმავლობაში, მონაწილეებმა ექსპერტებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სისტემასა და მისი დაცვის მექანიზმებზე, კერძოდ, მიმოიხილეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები სასაქონლო ნიშანი, დიზაინი, გეოგრაფიული აღნიშვნა, გამოგონება და მათი ექსპერტიზის პროცედურები, ასევე, მიიღეს ინფორმაცია საავტორო უფლებების შესახებ. გარდა ამისა, პროგრამა მოიცავდა ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის გაცნობას და პრაქტიკული მაგალითების განხილვას.
საზაფხულო სკოლის ლექციების კურსს უძღვებოდნენ საქპატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ექსპერტები, ასევე, სტუდენტებს ლექცია წაუკითხეს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის, პატენტრწმუნებულთა ასოციაციის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებმა.
ELSA არის გაერთიანება, რომელიც მოიცავს 44 ევროპულ სახელმწიფოს ეროვნული ჯგუფების დონეზე, 390-მდე ცნობილ უმაღლეს სასწავლებელს მთელს ევროპაში, 51000-მდე იურისტ სტუდენტსა და დამწყებ იურისტს. ELSA-ს ეგიდით საზაფხულო სკოლა სამართლის სხვადასხვა დარგში ყოველწლიურად 32 ქვეყანაში ტარდება. საქართველოში ის რამდენიმე წელია, საქპატენტის მხარდაჭერით ხორციელდება, ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით. ღონისძიების მხარდაჭერა მიზნად ისახავს სამართლის ფაკულტეტების სტუდენტებში ინტელექტუალური საკუთრების სფეროს მიმართ ინტერესის გაღვივებას.
