საქართველოს დელეგაციამ WIPO-ს გენერალურ დირექტორთან გამართა შეხვედრა - დარენ ტანგი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
24 ივლისი 2022 წ.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის
(WIPO) 63-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მიღების მიზნით, სამუშაო ვიზიტით ჟენევაში
მყოფმა საქართველოს დელეგაციამ, WIPO-ს სათავო ოფისში შეხვედრა გამართა გენერალურ დირექტორთან
დარენ ტანგთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა WIPO-სა და საქპატენტის მრავალწლიან, მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც ორწლიანი პანდემიის კრიზისის პირობებშიც არ შეწყვეტილა, უფრო მეტიც, WIPO-ს მხარდაჭერით,
მისი ინსტრუმენტების გამოყენებით და მონაცემთა ბაზების გაციფრულებით შესაძლებელი გახდა
მომხმარებლისთვის მომსახურების, როგორც დისტანციურ, ისე ჰიბრიდულ რეჟიმში შეუფერხებლად
მიწოდება.
საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ
„WIPO-სთან მრავალწლიანი თანამშრომლობა მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების ყველა სფეროს,
რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია განათლების მიმართულება და ამ კუთხით გადადგმული
ნაბიჯები. ამ მიმართულების კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ჩვენ მოხარული ვიქნებით
WIPO-ს მხარდაჭერით დაინერგოს დამატებითი დისტანციური სასწავლო კურსი, რომლის საშუალებით
ქართველ მოსამართლეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიარონ WIPO-ს აკადემიის მიერ შემუშავებული,
მოსამართლეებისთვის განკუთვნილი დისტანციური სწავლების კურსი ქართულ ენაზე. ამასთანავე, მინდა გაცნობოთ, რომ
საქპატენტმა აწარმოა მოლაპარაკებები საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებთან WIPO-ს
აკადემიასთან თანამშრომლობით ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სამაგისტრო პროგრამის
დანერგვის შესაძლებლობაზე საქართველოში, რასაც
უნივერსიტეტების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნული პროგრამის
დანერგვა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სფეროს განვითარების მიმართულებით,
როგორც საქართველოში, ასევე, მთლიანად კავკასიის რეგიონში, რადგან აღნიშნული საშუალებას მისცემს არამარტო ქართველ, არამედ სტუდენტებს რეგიონის ქვეყნებიდან მიიღონ თანამედროვე,
საერთაშორისო განათლება ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით“.
WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა მხარდაჭერა
გამოხატა ნინო ჩიქოვანის მხრიდან გამოთქმულ ინიციატივაზე და აღნიშნული მიმართულებით
მოლაპარაკებები დაიგეგმა მისი საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის
განმავლობაში.
შეხვედრაზე ქართული დელეგაციის მიერ ხაზი გაესვა საქართველოსთვის
ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებით, გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის დაცვისა
და გაძლიერებისთვის WIPO-ს მხარდაჭერის საკითხს, კერძოდ, 2023 წელს „გეოგრაფიული აღნიშვნების
მსოფლიო სიმპოზიუმის“ საქართველოში გამართვის ხელშეწყობაზე თხოვნას, რაც მნიშვნელოვანი
წინაპირობა იქნება ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის.
დარენ ტანგმა, შეხვედრაზე განაცხადა, რომ
აფასებს და მიესალმება WIPO-სა და საქართველოს შორის ინტენსიურ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში მრავალი მნიშვნელოვანი ქმედება ხორციელდება.
ხაზი გაუსვა საქპატენტსა და WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრს შორის დაგეგმილი
მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობას, რომელიც გულისხმობს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული
მექანიზმების გამოყენების მიმართულებით თანამშრომლობას.
WIPO არის ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული მომსახურების, პოლიტიკის, ინფორმაციისა და თანამშრომლობის გლობალური ფორუმი, რომელიც წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თვითდაფინანსებად უწყებას. WIPO-ს მიზანია, შეიქმნას ინტელექტუალური საკუთრების დაბალანსებული და ეფექტური საერთაშორისო სისტემა, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციასა და შემოქმედებითობას კაცობრიობის საკეთილდღეოდ. საქართველო WIPO-ს წევრია 1991 წლიდან და ქვეყანას ამ ორგანიზაციაში წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საქპატენტი.

