საქპატენტი 25 წლისაა
14 ივნისი 2017 წ.
დღეს, 14 ივნისს (2017წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი დაარსებიდან 25 წელს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით სასტუმრო ბილტმორის დარბაზში იმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: „ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება ეკონომიკური განვითარებისთვის“ . კონფერენცია, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მხარდაჭერით ტარდება, გახსნა WIPO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ ჯონ სენდეიჯმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ. კონფერენციაზე მსჯელობენ ინოვაციებისა და ინტელექტუალური საკუთრების მზარდ როლზე თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში და ინოვაციის ხელშეწყობის აუცილებლობაზე ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებისათვის. კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის წევრები, WIPO-ს, ევროპის საპატენტო უწყების, სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყებებისა და სამრეწველო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციის მუშაობა ორი დღე გაგრძელდება.
კონფერენციის დასრულებისთანავე გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციასა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ -საქპატენტს შორის. ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმს ხელს მოაწერენ ჩინეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე გან ლინი და საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე.
დღეს საღამოს საქპატენტი საზეიმო მიღებას გამართავს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში. 25 წლის მონაცემებზე დაყრდნობით მიღებაზე დაჯილდოვდებიან ყველაზე მეტი ადგილობრივი პატენტის მფლობელები, გამომგონებლები, ასევე, ქართული კომპანიები, რომლებიც ლიდერობენ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე განაცხადების წარდგენაში და პატენტრწმუნებულები.

