კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყების წარმომადგენლები ბათუმში სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბნენ
27 ივლისი 2022 წ.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი საქართველოში მასპინძლობს სომხეთის და მოლდოვის ინტელექტუალური საკუთრების უწყებებისა და საბაჟო დეპარტამენტების წარმომადგენლებს. დღეს, 27 ივლისს, გაიმართა რეგიონული სამუშაო შეხვედრა კონტრაფაქციასთან ბრძოლის მიმართულებით კოორდინირებული მუშაობის დაგეგმვის მიზნით. შეხვედრის გამართვა შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით.
შეხვედრა გახსნა საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ფრუიძემ. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა CLDP-ის უფროსმა მრჩეველმა ნამდი ეზერამ.
კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ აღნიშნული ქვეყნების საბაჟო დეპარტამენტების წარმომადგენლები, რომლებმაც ერთობლივად განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების მიმართულებით მდგარი გამოწვევები, ინტელექტუალური საკუთრების უწყებებისა და საბაჟო დეპარტამენტების პერსპექტივიდან, რეგიონულ ჭრილში. ასევე, განსახილველ თემებს შორის იყო საზღვრის კვეთის დროს პროდუქტის მიკვლევადობის მექანიზმები და აღსრულებაში ჩართული უწყებების როლი. მსჯელობის საგანი იყო რეგიონული თანამშრომლობა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით.
რეგიონული შეხვედრა, რიგით მეორე ღონისძიებაა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების კვირეულში. საქპატენტმა CLDP-ის მხარდაჭერით, ბათუმში უკვე უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“. კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებისა და საბაჟო დეპარტამენტების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრის შემდეგ, 28 ივლისს, დაგეგმილია „ტრანს-კასპიის ინტელექტუალური საკუთრების ფორუმი“. ამერიკის შეერთებული შტატების ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მიზნით, 30-31 ივლისს, გაიმართება მრგვალი მაგიდა - "სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა ინტელექტუალური საკუთრების საქმეებთან დაკავშირებით", რომლის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით აშშ-ს გამოცდილების გაზიარება ქართველი მოსამართლეებისთვის.
