სამუშაო შეხვედრა "სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა ინტელექტუალური საკუთრების საქმეებთან დაკავშირებით"
31 ივლისი 2022 წ.
ამერიკის შეერთებული შტატების ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ემსახურება ბათუმში მიმდინარე სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით "სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა ინტელექტუალური საკუთრების საქმეებთან დაკავშირებით", რომლის ორგანიზატორია ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP), საქპატენტთან და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით.
ორი დღის განმავლობაში, სამუშაო შეხვედრაში მონაწილე მოსამართლეები, გაეცნობიან აშშ-ს სასამართლო პრაქტიკას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებულ დავებზე, იმსჯელებენ საქპატენტის სააპელაციო პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. აშშ-ს მოსამართლეების პრაქტიკის გაზიარება, რომელთაც გააჩნიათ ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით დავების განხილვის მრავალწლიანი გამოცდილება და სამუშაო შეხვედრაზე წარმოადგენენ კონკრეტულ მაგალითებს, რომელთანაც ჰქონიათ უშუალო შემხებლობა, ხელს შეუწყობს ქართველ მოსამართლეებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად განახორციელონ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისთვის განკუთვნილი კანონმდებლობის იმპლემენტაცია საქართველოში.

